მიხეილ სააკაშვილი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შიმშილობას წყვეტს

მიხეილ სააკაშვილი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და ადგილზე ჩასვლის შემდეგ შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მედიას განუცხადა.

„იგი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გორის ჰოსპიტალში განთავსებისთანავე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ დაზუსტებით, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს და შიმშილობის შემდგომი პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტების მიერ და იყოს ყოველდღიური ანგარიში. ეს ეხება ყველა კონსილიუმს, რაც კი აქამდე შექმნილა, სახელმწიფოს მიერ შექმნილი, მარიამ ჯიშკარიანის ჯგუფი და ნინო ლომჯარიას საექსპერტო ჯგუფი, ყველა მათგანის მონაწილეობით, იმედია, ყველა მათგანის თანხმობა იქნება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში დღესვე გადაიყვანენ. როგორც გვარამიამ განმარტა, სააკაშვილის ტრანსპორტირება მოგვიანებით განხორციელდება, თუმცა კონკრეტულ დროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ დაასახელებს.

„მიხეილ სააკშვილი დღეს იქნება გადაყვანილი გორის ჰოსპიტალში და ხვალიდან უკვე მნიშვნელოვანია, დავადგინოთ მისი სამედიცინო დღის წესრიგი პუნქტობრივად. მისი ტრანსპორტირება განხორციელდება მოგვიანებით, არ ვამბობ ზუსტ დროს, ასე ითხოვს უსაფრთხოების ზომები, მინდა, ვთხოვო ყველას, შეფერხებები არ შექმნას აქ დგომით, უბრალოდ, არ გამოვა რეანომობილი, თუ აქ იქნება ადამიანების სიმრავლე. მისი პირადი ექიმი, ქალბატონი გიული, რომელიც ახლა მოვა, დარჩება მასთან, ვიდრე მას გადაიყვანენ და ჩვენ წავალთ გორში, მოვახდენთ ინსპექტირებას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უკეთესია, კონტაქტურია, კომუნიკაბელურია, რამე მძიმე გართულებები არ აქვს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იუსტიციის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას ვთავაზობთ