ეკატერინე ტიკარაძე: სააკაშვილისთვის მოეწყო განსაკუთრებული პალატა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი იყო უზრუნველყოფილიყო უსაფრთხოება, გორის ჰოსპიტალი არის ის ლოკაცია, რომელიც პაციენტს სთავაზობს მაქსიმალურ უსაფრთხოებას.

ტიკარაძის თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილისთვის მოეწყო განსაკუთრებული პალატა, სადაც ის გააგრძელებს ინტენსიური დაკვირვების ქვეშ მკურნალობას.

მისი თქმით, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება რუსთავის და გლდანის პენიტენციურ დაწესებულებებშიც მიეწოდებოდა, თუმცა გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილების მიზეზი, ქვეყანაში „შიმშილის ეპიდემიისა“ და დაპირისპირების დასრულებაა.

"გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი ყველა იმ მატერიალურ ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ MRT-ს აპარატი გამოსული არის წყობიდან, არ შეესაბამება სიმართლეს, ის ტექნიკურად გამართულია, მიმდინარეობს პროგრამული „აფდეითი“ და პაციენტს მიეწოდება ყველა ის სერვისი, რაც მას დასჭირდება.

პაციენტს მიეწოდებოდა როგორც რუსთავში, ასევე გლდანში ყველა ის სამედიცინო სერვისი, რომელიც მას იმ კონკრეტულ მომენტში ესაჭიროებოდა.

გადაწყვეტილების მიზეზია ის, რომ მიღებული შიმშილობის ეპიდემია ქვეყანაში უნდა შეწყვეტილიყო, ასევე უნდა შეწყვეტილიყო ის დაპირისპირება, რომელიც იყო. ჩვენ გვაქვს ჰუმანური მიდგომა ყველა ადამიანის მიმართ.

სააკაშვილი დღესაც არ იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და სამომავლოდაც მას ეს რისკი არ უდგას. ის არის მუდმივი მონიტორინგის ქვეშ და უტარდება კვლევები. ის იმყოფება ინტენსიური დაკვირვების ქვეშ. ექიმები, რომლებიც დღეს მკურნალობენ პაციენტს, გააგრძელებენ მკურნალობას აქაც“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

იუსტიციის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას ვთავაზობთ