ზალკალიანმა საინვესტიციო გარემოზე საუბრისას, ბათუმის პორტში ამერიკული TRAMMO-ს ახალი მულტიმოდალური ტერმინალის გახსნაზე გაამახვილა ყურადღება

„მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიმდინარე წელს ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით მიღწეული შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

საქართველოს პირველი დიპლომატის განცხადებით, აქტიური ეკონომიკური დიპლომატიის გზით სვლა მნიშვნელოვანია საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარებისა და მაღალი უცხოური საინვესტიციო კაპიტალისთვის, ასევე სხვადასხვა ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელებისა და ქართული პროდუქციისთვის საექსპორტო ბაზრების არეალის გაფართოებისთვის.

დავით ზალკალიანის თქმით, ამ მიზნის რეალიზაციის კუთხით, საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად: მიმდინარე წელს, საქართველოში გაიმართა 15 ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი და ბიზნეს-ფორუმი, ასევე, 12 ონლაინ ბიზნეს შეხვედრა/ფორუმი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბათუმის პორტში, ამერიკული კომპანია TRAMMO-ს ახალი მულტიმოდალური ტერმინალის გახსნასა და PACE Group-ის მიერ ფოთის პორტში ახალი მრავალფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობის დაწყებაზე.

„მიღწეულია შეთანხმება ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ასევე ინდოეთთან, ჩინეთთან, კორეასთან, იაპონიასა და სხვა ქვეყნებთან, ჩვენს რეგიონში მეტი ტვირთების მოსაზიდად და შესაბამისად ამ ქვეყნების მხრიდან არის მზაობა, ჩვენი რეგიონის დერეფნის გამოყენებით გაზარდონ ტვირთბრუნვა,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 11 ივნისს ბათუმის ფორტში მინერალური სასუქების ახალი ტერმინალი გაიხსნა, რომელიც წელიწადში 1 500 000 ტონა მინერალურ სასუქს გადაამუშავებს. ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორები არიან ამერიკული კორპორაცია ,,Trammo“ და კომპანია ,,Wondernet Exspress Investment Group“. პროექტში 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.