პარლამენტის პირველი სხდომა ყველაფერს წერტილს დაუსვამს - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ყველა დეპუტატი, რომელიც ცესკო-ს მონაცემებით პარლამენტშია შესული, ინდივიდუალურ განცხადებას დაწერს, ხოლო პარტიის ხელმძღვანელობა სიებს ჩახსნის.
„ვერ გეტყვით ზუსტად, ვინმე თუ გეგმავს პარლამენტში შესვლას. ეს მისი პრობლემაა. ფაქტია, ოპოზიცია ერთიანია ამ გადაწყვეტილებაში და ალბათ, ხვალ, როდესაც პირველი სხდომა ჩატარდება პარლამენტში, უკვე ყველაფერს წერტილი დაესმება. რაც შეეხება გეგმებს, როგორც აქამდე მოდიოდა ოპოზიცია ერთიანად და სტრატეგია გვქონდა შემუშავებული, ზუსტად ასე გავაგრძელებთ ბრძოლას. პოლიტიკა არ კეთდება მხოლოდ პარლამენტში. დღეს გავივლით კონსულტაციებს იურისტებთან, რომ არ დავარღვიოთ პროცედურული საკითხები, კონკრეტულად როდის უნდა დაიწეროს ეს განცხადებები. მე „ნაციონალური მოძრაობის“ და „ძალა ერთობაშიას“ სახელით ვლაპარაკობ. ყველა დეპუტატი, რომელიც ცესკო-ს მონაცემებით შესულია პარლამენტში, დაწერს ინდივიდუალურ განცხადებას, ხოლო პარტიის ხელმძღვანელობა ჩახსნის იმ სიებს, რომელიც ცესკო-შია. ამით დასრულდება ჩვენი მხრიდან ეს პროცესი, რაც ეხება საპარლამენტო მანდატებს. შემდეგ უკვე დაიწყება სულ სხვა პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში და სულ სხვა რეალობა დადგება. არანაირი აქცია და პერფორმანსი არ იქნება. ძალიან საინტერესო იქნება. ვფიქრობ, მთავარი აქცია და პერფორმანსი იქნება ტელევიზორში, როდესაც მეათე მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.