ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს, ის სუსტად არის, ჰწონდა წნევის პრობლემა და ყურადღებას საჭიროებს მისი ნევროლოგიური მდგომარეობა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი დიდ მადლობას უხდის საავადმყოფოს და ძალიან მოეწონა მისი სტაფი.
„გარკვეული პრობლემები მოხდა დილას ბადრაგთან დაკავშირებით. არ მისცეს ფანჯრის გახსნის უფლება და აშ. ეს მოგვარდა, მაგრამ მაინც, რაღაც, ეს სიტუაცია გრძელდება. კომფორტულად გრძნობს თავს, მაგრამ მე მინდა აგიხსნათ ორი სიტყვით, მე რას ვფიქრობ. ჩემი აზრით, მკურნალობა ასეთ პირობებში, ეს იქნება გორის საავადმყოფო თუ ციხის საავადმყოფო და ა.შ. შეუძლებელია ასეთი ავადმყოფისთვის“, - აღნიშნა ნიყოლოზ ყიფშიძემ და დაამატა, რომ მისი რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივი უნდა იყოს: „ამიტომ, ჩემი გულწრფელი აზრია, როგორც ექიმის, შეიძლება კოლეგები არ დამეთანხმონ, შეიძლება საქართველოს მოსახლეობა არ დამეთანხმოს, მაგრამ მე რომ შემეძლოს გადაწყვეტილების მიღება, ასეთ ადამიანს მკურნალობის უფლებას მივცემდი ამ ციხეების გარეთ“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ და აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მკურნალობაზე არ საუბრობს.
„თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობა ნიშნავს მკურნალობას არა ციხეებში, არა ბადრაგის თანხლებით, დასწრებით და ა.შ. არის რაღაც გზები, ალბათ იურისტებმა უფრო იციან ამის შესახებ. მე არ ვარ იურისტი და არც პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი არ ვარ. არასდროს ვყოფილვარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ეს ჩემი გულწრფელი აზრია. შეიძლება ეს ვინმეს მოეწონოს ან არ მოეწონოს.
ეს განცხადება, რასაც მე ვაკეთებ პრეზიდენტთან არ შემითანხმებია, შეიძლება გამიბრაზდეს კიდეც, მაგრამ გეტყვით, რომ შეუძლებელია ასე გაგრძელება, რამდენი ხანი უნდა ვიტრიალოთ ერთ წრეზე.
უნდა მისცე ადამიანს საშუალება, თვითონ გადაწყვიტოს სად იმკურნალოს, ვისთან იმკურნალოს, როგორ იმკურნალოს და თავისუფლად იმკურნალოს. ხომ შეიძლება ეს გადავადდეს, არ ვიცი იურიდიული საკითხები“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
კითხვაზე, ითხოვს თუ არა მის რეაბილიტაციამდე პატიმრობის გადავადებას, ექიმი ასე პასუხობს - „კი, ბატონო“.
„იმიტომ, რომ დამიჯერეთ, ეს არ დამთავრდება არავითარ შემთხვევაში. თუ გინდა ჩამოვიყვანოთ ექიმები საზღვარგარეთიდან, კიდევ ათი კონსილიუმი დავნიშნოთ, დამიჯერეთ ასე იქნება“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
მისი თქმით, მკურნალობის პროცესი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეფიდინგის პრობლემას თუ მოვუარეთ, სააკაშვილი ჯანმრთელი იქნება.
„ამის გარანტიას მე გაძლევთ, რომ არ იქნება ჯანმრთელი. მას სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია სხვადასხვა ორგანოს - თავის ტვინის, ღვიძლის და ა.შ. ამიტომ, მე შემომაქვს ასეთი კითხვა - იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
კონსილიუმის წევრებმა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დეტალურად შესწავლისა და ჩატარებული კვლევების გაცნობის საფუძველზე დღეს დაწერენ დასკვნას, რომლის მიხედვითაც გორის სამხედრო ჰოსპიტალი იხელმძღვანელებს.
ნევროლოგი სანდრო ცისკარიძე იმედოვნებს, რომ ადეკვატური მკურნალობის ფონზე სააკაშვილის მდგომარეობა არ დამძიმდება. მისივე თქმით, ე.წ.რეფიდინგის პროტოკოლი შეთანხმებულია. რაც შეეხება პაციენტის ნევროლოგიურ სტატუსს, ცისკარიძის თქმით, გუშინდელთან შედარებით გარკვეული და პოზიტიური დინამიკა აღინიშნება.
50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია