ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება - ექსპრეზიდენტ სააკაშვილის წერილი POLITICO-ს

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო გამოცემა POLITICO-ს წერილი გაუგზავნა. წერილში, რომელიც ადვოკატებისა და თანაპარტიელების მეშვეობით გაიგზავნა, სააკაშვილი მის პატიმრობასა და მმართველი პარტიის მხრიდან არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ აშშ-ის კონგრესმა უნდა განიხილოს საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევთათვის სანქციების დაწესება.

ექსპრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის ადმინისტრაციას მოუწოდებს, შეასრულოს საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერის პირობა და „მხარი დაუჭიროს მძიმე საფრთხის ქვეშ მყოფ ახალგაზრდა დემოკრატიას“.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ პრეზიდენტობის დროს საქართველოს ჯო ბაიდენი ეწვია, რომელიც მაშინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო და საქართველოს ამერიკის დახმარება აღუთქვა.

„დღეს მე მოვუწოდებ მის ადმინისტრაციას, თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდასაჭერად, რომელიც საშინელი საფრთხის ქვეშაა. იმედი მაქვს, რომ ის პასუხს მოსთხოვს საქართველოს მთავრობას იმ თავისუფლებებისათვის ძირის გამოთხრისათვის, რომლის მისაღწევადაც ესოდენ ბევრი გავაკეთეთ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტის აზრით, პირველ რიგში, ამერიკამ ღიად უნდა დაგმოს საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიისათვის ძირის გამოთხრის მცდელობისთვის. აშშ-ის კონგრესმა ასევე უნდა განიხილოს საქართველოში ადამიანის უფლებების შემლახველებისათვის სანქციების დაწესების საკითხი.

სააკაშვილის განცხადებით, საბოლოოდ კი, ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გააუქმოს გადაწყვეტილება, მიიწვიოს საქართველოს მთავრობა მომავალ სამიტზე. მოწვევა, რომელიც აგზავნის არასწორ სიგნალს და რისკავს „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული პრაქტიკის ლეგიტიმაციას.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ან სხვა რომელიმე მაღალჩინოსნის ვიზიტი ამერიკის სოლიდარობას აჩვენებდა ქართველ ხალხს. ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიწვევის შესახებ დემოკრატიის მომავალ სამიტზე, რადგან ეს მიწვევა არასწორ სიგნალს აგზავნის და ქმნის საფრთხეს, რომ ლეგიტიმური გახდეს „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებები. ამერიკას ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დაუჭერია მხარი საქართველოსთვის ქვეყნის შიგნით და გარეთ მოქმედი არადემოკრატიული ელემენტების წინააღმდეგ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.