„სტრატეგია აღმაშენებელი“ სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობს.
შესაბამისი გადაწყვეტილება ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა და აღნიშნა, რომ ის წევრები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, სიის ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადებას დაწერენ.
„გუნდში დეტალური მსჯელობა გვქონდა. რა თქმა უნდა, არც გვქონდა სხვა მოსაზრება, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დავწერთ ხვალ განცხადებებს და ჩავხსნით ჩვენს სიებს. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვაგრძელებთ ჩვენს ბოიკოტს. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ყველანაირად მოწადინებულები ვართ, რომ შეთანხმება შედგეს, ვაპირებ მოლაპარაკებებში მონაწილეობას,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, ერთპარტიული პარლამენტის შეკრება, ქართული დემოკრატიის მარცხია.
„სიტუაცია ძალიან მძიმეა და ის, რომ ხვალ ერთპარტიული პარლამენტი იქნება, ეს არის არა ვინმეს გამარჯვება, არამედ, პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს არის უზარმაზარი პრობლემა და უზარმაზარი მარცხი, ქართული დემოკრატიის, რომელიც ქვეყანაში არის და ყველა ერთად უნდა დავფიქრდეთ, რომ ამ უმძიმესი პროცესიდან ვიხსნათ ქვეყანა და სახელმწიფო. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს ისევე, როგორც აქამდე, ყოველთვის გვექნება ჩვენი დამოუკიდებელი პოზიციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია მეტი კონსოლიდაცია იმ ადამიანების, ვინც ფიქრობს, რომ უნდა ჩაერთოს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.