Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის დაზვერვა ფლობს ინფორმაციას, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება

აშშ-ის სადაზვერვო სამსახური ევროპელ მოკავშირეებს უზიარებს მის მიერ მოპოვებულ ცნობებს, მათ შორის, რუკებსაც, რომლის თანახმად, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სწრაფი, ფართომასშტაბიანი ოპერაციის სცენარს განიხილავს.

Bloomberg--ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ინფორმაცია NATO-ს რამდენიმე წევრ ქვეყანას გასულ კვირას გადასცეს.

მისივე ცნობით, მოსალოდნელი სცენარის თანახმად, შეტევა, რომელშიც 100 საბატალიონე ტაქტიკური ჯგუფი (საერთო რაოდენობა 100 000) ჩაერთვება, ერთდროულად დაიწყება ოკუპირებული ყირიმიდან, რუსეთის საზღვრის გავლით და ბელარუსის ტერიტორიიდან. წყაროს ცნობით, ძალთა ნაწილმა უკვე დაიკავა საკუთარი პოზიციები.

ცნობისთვის, დღესვე, რუსეთის საგარეო დაზვერვის სააგენტომ უკრაინის გარშემო მიმდინარე დაძაბულობა, საქართველოში 2008 წელს ომის დაწყებას შეადარა. ამ სათაურით სტატიას Reuters-ი ავრცელებს. სტატიაში მიმოხილულია უკრაინის დაზვერვის ცნობები, რომლის თანახმად, რუსეთი, 2022 წლის იანვარ-თებერვალში ამზადებს თავდასხმას უკრაინაზე. Military Times-ი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს უფროს, კირილ ბუდანოვზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამის ნიშნები უკვე ჩანს.

საუბარია მოსალოდნელ საარტილერიო და საავიაციო დარტყმებზე, რომლებსაც მოჰყვება სადესანტო ძალების იერიში აღმოსავლეთ უკრაინაზე, ოდესასა და მარიუპოლზე.

„ჩვენ ვხედავდით მსგავს სიტუაციას საქართველოში 2008 წლის მოვლენებამდე“, - ნათქვამია საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.

Reuters-ი წერს, რომ მოსკოვი დიდი ხანია, ეწინააღმდეგება NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას. სააგენტოს აქვე მოჰყავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარი.

„ჩვენ ვხედავთ რუსული პროპაგანდის ზრდას, მათ შორის ცრუ ბრალდებებს უკრაინის მხრიდან დონბასში სამხედრო თავდასხმის დაგეგმვის შესახებ“, - განაცხადა კულებამ.

მანამდე კრემლის სპიკერმა პეშკოვმა დაადანაშაულა უკრაინა პროვოკაციაში.

ამავე თემაზე:

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრას გეგმავს

ენტონი ბლინკენმა რუსეთი გააფრთხილა