სახალხო დამცველი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ექსპრეზიდენტ სააკაშვილს ესაუბრა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, განხილულ თემებს შორის არის საკითხები, რომლებიც კონფიდენციალურად უნდა დარჩეს.

„მიხეილ სააკაშვილთან ხანმოკლე საუბარი გვქონდა. ძირითადად ის გამოხატავდა მადლიერებას სახალხო დამცველის აპარატის და ამ კონსილიუმის წევრების მიმართ. აღნიშნავდა, რომ საერთაშრისო გამოხმაურება სწორედ ამ კონსილიუმის შედეგებს მოჰყვა. გვქონდა ასევე სხვა საკითხებზე საუბარი, რაზეც მანამდეც ვისაუბრეთ და რაც ალბათ კონფიდენციალურად უნდა დარჩეს ჩვენს შორის. თუმცა, ეს იყო ზოგადი საუბარი და ის არის ძალიან მადლიერი იმით, რომ დღეს მისი სიცოცხლე საფრთხეში არ არის“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესასვლელად დაახლოებით, 2 საათი დასჭირდა. ომბუდსმენმა ადგილიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაურკვევლობაა და კომუნიკაცია გართულებულია ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროებს და პენიტენციური უწყებას შორის.

„ერთმანეთში რეკავენ და არკვევენ რაღაცებს, რამაც დაახლოებით 2 საათი წაიღო. გარკვეული საკითხები, რაზეც სახალხო დამცველის აპარატმა წინა ვიზიტის დროს შენიშვნა გასცა, დღეს გამოსწორებულია. მაგალითად, ბადრაგი მის გასინჯვებსა და სამედიცინო შემოწმებას აღარ ესწრება. ამ წუთისთვის პრობლემაა, რომ გარკვეული ნივთები სჭირდება. ასევე სასეირნო სივრცის საჭიროებაც დადგება, როდესაც მას ფიზიკურად შეეძლება ამის გაკეთება და ეს მოსაგვარებელია, ამ ინფორმაციას პენიტენციურ სამსახურს გადავცემთ. ფანჯარას რაც შეეხება, ეს საკითხი მოგვარებულია და დღეს მას სუფთა ჰაერის მიღების საშუალება აქვს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია