ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამმხრივ შეხვედრას მიესალმა და მას რეგიონში კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანი, ეფექტური და კონსტრუქციული ნაბიჯი უწოდა.
აშხაბადში ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მე-15 სამიტის ფარგლებში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართა მოლაპარაკებები.
სხვა საკითხებთან ერთად, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის სოჭში აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა და მის შემდგომ ხელმოწერილი დეკლარაცია. ამასთან, მხარეებმა განიხილეს 3+3 ფორმტაში თანამშრომლობის საკითხი.
ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.
18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატთან დაკშვირებით დაუსვეს შეკითხვა.
თავდაცვის სამინისტროში, ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი.
„რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
ამავე თემაზე:
თურქეთში ირანის ელჩი: 3+3 ფორმატი ირანის საგარეო პოლიტიკურ კურსთან თანხვედრაშია