დავიღალეთ ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მეათე მოწვევის პარლამენტს სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მან აღნიშნა, ოცდაათი წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა, დღეს კი ქვეყანას სხვა რამ ჭირდება.
„საზოგადოებას უნდა მოვუსმინოთ ამ დარბაზში და ამ დარბაზის გარეთ. „დავიღალეთ“ ერთ წრეზე ბრუნვით. ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით. ოცდაათი წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა! ყველანი, მათ შორის მეც, ვიდექით პარლამენტის კიბეებზე. დღეს კი ქვეყანას სხვა რამ სჭირდება. „დავიღალეთ“ მუდმივი ბრძოლით ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის: ზვიადისტები, ანტიზვიადისტები, შევარდნაძისტები, ანტიშევარდნაძისტები და ეს დღესაც გრძელდება. იმ დროს, როცა ქვეყანას დეპოლარიზაცია, სოლიდარობა და ერთიანობა სჭირდება. „დავიღალეთ“ გაუთავებელი ლანძღვით, შეურაცხყოფებით, ქართული და კავკასიური ზრდილობის უგულებელყოფით. სიძულვილი ქვეყანას ტოვებს გახლეჩილს, დაუცველსა და დასუსტებულს იმ დროს, როცა მას ყველაზე მეტად სჭირდება ეროვნული ენერგიის მობილიზება გამოწვევებთან გასამკლავებლად. საზოგადოების მოთმინება ამოიწურა, რამეთუ თითქმის 100 წელი გავიდა, რაც რუსეთის მე-XI არმიამ დამოუკიდებელი საქართველო დაიპყრო. თითქმის 30 წელია, რაც ხელახლა აღდგა დამოუკიდებლობა და დასრულდა საბჭოთა იმპერია და ვაშენებთ სახელმწიფოს. 30 წელი კი სიმწიფის ასაკია - ადამიანისთვისაც, სახელმწიფოსთვისაც. დროა მოჯადოებული წრე გავარღვიოთ!”, - განაცხადა პრეზიდენტმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, დემოკრატიისა და არჩევნების არსის სრული უარყოფაა, როცა გამარჯვების ვერმიღწევის გამო და გაყალბების რეალური მტკიცებულების გარეშე, ითხოვ ახალ არჩევნებს და უარს ამბობ ამომრჩევლის ნდობით მოპოვებულ მანდატებზე, მრავალპარტიულ პარლამენტზე.
"პატრიარქი, რომელიც ჩვენი სულიერი ენერგიისა და ეროვნული სიმხნევის წყაროა; ჩვენი ეკლესია, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გადაარჩინა ქართველი ერის იდენტობა და ერთიანობა, გზა გაუხსნა დამოუკიდებლობას. მათი დისკრედიტაცია ჩვენი სულიერი სიმტკიცის შერყევას ემსახურება. ჯარი, რომელიც სახელმწიფოს საყრდენია, ღირსებისა და ეროვნული სულისკვეთების განსახიერებაა. საქართველოს ხვალინდელი დღე სწორედ ღირსეულ, თანამდროვე და ძლიერ ჯარზე გადის. ამდენად, ჯარის პოლიტიკური ნიშნით დაყოფა ეწინააღმდეგება ჩვენს სტრატეგიული მიზნებს, კერძოდ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მიზანმიმართული კამპანიით, დამახინჯებული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვებით, ჯარსა და უმაღლეს მთავარსარდალს შორის უნდობლობის დათესვა კი ჯარის დემორალიზაციას ემსახურება.
პოლიცია, რომელიც იცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას, სტაბილურობას და მშვიდობას ქვეყანაში. ვიცით რამდენად მნიშვნელოვანი და რთულია მისი როლი საოკუპაციო ხაზთან და უნდა გვესმოდეს, რამდენად დამანგრეველია ქვეყნისთვის პოლიციელის შეურაცხყოფა, მასზე მორალური ზეწოლა.
პარლამენტი, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკაში წარმოადგენს ხელისუფლების მთავარ შტოს. მისი შეურაცხყოფა - იქნება ეს გავრილოვის დასმით თუ საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებით ან კიდევ პარლამენტის ხელჩართული ბრძოლის არენად ქცევით - შეურაცხყოფაა ჩვენი ისტორიისა. იმ ადგილას, სადაც განისვენებენ იუნკერები, სადაც 9 აპრილს დახოცეს გულანთებული პატრიოტები. დემოკრატიის და არჩევნების არსის სრული უარყოფაა, როცა გამარჯვების ვერმიღწევის გამო და გაყალბების რეალური მტკიცებულების გარეშე, ითხოვ ახალ არჩევნებს და უარს ამბობ ამომრჩევლის ნდობით მოპოვებულ მანდატებზე, მრავალპარტიულ პარლამენტზე.
სასამართლო, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. მართალია, ჩვენი სასამართლო ჯერ ვერ აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს. მაგალითად, მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა უვადოდ მოსამართლეების გამწესებისთვის მზად ჯერ არ იყო და დღესაც ბევრი რამ დამაკმაყოფილებელი არ არის. ამავე დროს უნდა დავინახოთ განვლილი გზაც: რეფორმის ოთხი ეტაპი განხორციელდა. გაზრდილია მოქალქეების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგებული დავების რაოდენობა. შესაბამისად, სტარსბურგის სასამართლოში შემცირებულია მიმართვიანობა. მიუხედავად სისტემაში არსებული ნაკლოვანებებისა და რეფორმის გაგრძელების აუცილებლობისა, არასწორია სასამართლოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ეს ხელს უწყობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის დამკვიდრებას.
კარგად იცით, რომ შეურაცხყოფა და ცილისწამება, თუნდაც ყოველდღიური, ჩემზე არ მოქმედებს, არ ვპასუხობ და უარს ვერ მათქმევინებს ინაუგურაციაზე დადებულ პირობაზე: „ვიყო ყველას პრეზიდენტი". თუმცა, ნათელია, თუ რას ემსახურება ასეთი სისტემატური თავდასხმა პრეზიდენტის პერსონაზე, სიტყვაზე თუ ქმედებაზე და მიზანში ამოღება მისი უფლებამოსილებების: უმაღლესი მთავარსარდლობის, საგარეო ურთიერთობებში ქვეყნის წარმომადგენლობის თუ შეწყალების უფლების. მიზანია შესუსტდეს ქვეყნის გარეთ სახელმწიფოს ავტორიტეტი და სახე შიგნით კი ერთიანობის სიმბოლო. ეს მე კი არ მაზიანებს, ყველას ერთად გვასუსტებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.