ხუთმა პარტიამ დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტები გააფორმა.
პირველი დოკუმენტი მთლიანად ოპოზიციური სპექტრის განცხადებაა იმის თაობაზე, რომ არჩევნები გაყალბებულია და ისინი არ აღიარებენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, ამავე დოკუმენტში წარმოდგენილია ოპოზიციის მთავარი მოთხოვნებიც, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით.
მეორე დოკუმენტი წარმოადგენს იმ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს, ვინც არჩევნების შედეგების მიხედვით, მანდატები მოიპოვეს, თუმცა უარს აცხადებენ ამ მანდატებსა და პარლამენტში შესვლაზე.
მესამე დოკუმენტი კი წარმოადგენს პარტიულ განაცხადს, რომლითაც ისინი მიმართავენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს თამარ ჟვანია „სიების ჩახსნასთან“ დაკავშირებით.
მემორანდუმს ხელი ხუთმა პარტიამ მოაწერა, ესენია: „ლელო საქართველოსთვის“, „ლეიბორისტული პარტია“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“.
დოკუმენტების ხელმისმოწერის პროცესს არ დასწრებია: „გირჩი“, „რესპუბლიკური პარტია“ და „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“, მათგან "გირჩი" და "რესპუბლიკური პარტია" აცხადებს, რომ პარლამენტში არ შედიან და დეპუტატის მანდატზე უარს ამბობენ, უბრალოდ ამის დამადასტურებლად ცერემონიებში მონაწილეობის საჭიროებას ვერ ხედავდნენ.