რატომ ვერ ჩაიტანეს ქართული ღვინო გერმანიაში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალზე

რატომ ვერ ჩაიტანეს ქართული ღვინო გერმანიაში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალზე, ამასთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნული სააგენტო, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განმარტებას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ნატურალური ღვინის მწარმოებლების თხოვნის საფუძველზე, გადაწყვიტეს, ჩართულიყვნენ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალის „RAW WINE” რამდენიმე საორგანიზაციო საკითხში, რაც გულისხმობდა მათი მონაწილეობის თანადაფინანსებასა და ღვინის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას.

მიმდინარე წლის 16 ნოემბერს კი, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 11 მცირე მარნის მიერ წარმოებული 144 ბოთლი ღვინო, შესაბამისი დოკუმენტაციით, ჩააბარა გადამზიდ კომპანიას.

პანდემიით შექმნილ ვითარებაში, საჰაერო გადაზიდვებთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, ზემოხსენებული ტვირთის საჰაერო, საერთაშორისო გადაზიდვა განხორციელდა 2021 წლის 21 ნოემბერს, გრაფიკის შესაბამისად, "ქოინის" (Сoyne Airways) ავიახაზებით. სააგანტოს განცხადებითმ გერმანიაში ტვირთი 24 ნოემბერს ჩავიდა. 26 ნოემბერს შემოწმდა ტვირთის ყველა საჭირო სერტიფიკატი და დადასტურდა, რომ დოკუმენტაცია წესების სრული დაცვით იყო მომზადებული, თუმცა, გერმანულმა მხარემ, დამატებით, საჭიროდ ჩათვალა ტვირთის შემოწმება, რადგან აღნიშნული ღვინოები განკუთვნილი იყო ე.წ. ნატურალური ღვინის ღონისძიებისთვის.

„ტვირთი დეტალური ინსპექტირებისთვის, გადატანილი იყო წითელ ზონაში. ინსპექტირება შეფერხდა უქმე დღეების გამო. გამოფენის მონაწილე თითოეულ მწარმოებელს მყისიერად მიეწოდა ინფორმაცია შეფერხებული საბაჟო პროცედურების თაობაზე. სააგენტოს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, ტვირთი ჯერ კიდევ დაყოვნებულია ფრანკფურტის საბაჟო ტერმინალში.

დამატებით განვმარტავთ, რომ გართულებული ეპიდემიური მდგომარეობის გამო, მსოფლიო მასშტაბით გამკაცრებულია მსგავსი ღონისძიებების ჩატარების რეგულაციები. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ, შექმნილი ვითარების მიუხედავად, მსგავსი ტექნიკური შეფერხების ფაქტი პირველად დაფიქსირდა, იმის გათვალისწინებით, რომ, 2021 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენებსა და ღონისძიებებზე 5600 ბოთლამდე სადეგუსტაციო ღვინის გაგზავნა უზრუნველყო. სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული კომენტარები და შეფასებები მიმართულია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის დისკრედიტაციისკენ, რასაც, სამწუხაროდ, საფუძვლად უდევს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვნებათაღელვა“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.