საქართელოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ საუბარი ევროპასთან და ნატო-სთან მიახლოებაზე, არასაკმარისია და აქტიურობის დრო მოვიდა.
როგორც მან მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა, ახალი ნაბიჯების მოფიქრების და გადადგმის დრო მოვიდა.
"ახალი მიდგომა ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, რამეთუ მხოლოდ ლაპარაკი, რომ ევროპასა და ნატოს ვუახლოვდებით და გაწევრიანებისთვის კარი ღიაა, არასაკამრისია! ჩვენ მეტი გვინდა! მოლოდინის დრო აღარაა. აქტიურობის, ახალი ნაბიჯების მოფიქრების და გადადგმის დრო მოვიდა.
ევროკავშირთან გვჭირდება აქტიური ორმხრივი პროცესი, რომელშიც ჩვენ მას ქცევით და აზროვნებით დავუახლოვდებით და უფრო სწრაფად გავითავისებთ ევროპული სტანდარტებს (მაგალითად, შრომის უსაფრთხოება, ეკოლოგია, სურსათის უვნებლობა და სხვა). იმის დროც მოვიდა, რომ ინტეგრაციის პროცესის თანაავტორი გავხდეთ, მეტი ინიციატივა გამოვიჩინოთ, პარტნიორებს დავანახოთ ჩვენი პრიორიტეტები და მათთან ერთად განვსაზღვროთ შემდეგი ეტაპის კონკრეტული საფეხურები.
იგივე მიდგომა გვჭირდება ნატოსთან და ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებაში: ახალი ინიციატივები მაგალითად, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში. საჭიროა ნატოსთან თანამშრომლობის ახალი ფორმების მოფიქრება ეს კი ჩვენგან მოითხოვს მეტ აქტიურობას, მეტ მოქნილებას და მომავლის ხედვას!
ახალი მიდგომა გლობალური გამოწვევებთან მიმართებაშიც გვჭირდება. პანდემიამ საერთაშორისო ურთიერთობების ახალი რაელობა შექმნა, რომელშიც დღესდღეობით მთავარ აქტორებად მხოლოდ დიდი ქვეყნები რჩებიან. ამ მოცემულობაში გამოსაკვეთია პატარა ქვეყნების გააქტიურების მექანიზმები. შესაძლებელია, რომ ასეთი ინიციატივით საქართველოც გამოვიდეს. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია აქტიური მოთამაშე გავხდეთ როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო ასპარესზე, ვაყალიბებდეთ საკუთარ ხედვას და მისგან გამომდინარე ინციატივებს გლობალურ საკითხებთან მიმართებაში", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი დღეს ერთპარტიულად შეიკრიბა, ოპოზიცია, ბოიკოტის რეჟიმში რჩება.