ბადრი ჯაფარიძე: ელემენტარული თავმოყვარეობა „ქართულ ოცნებას“ საშუალებას არ უნდა აძლევდეს, ასე ურცხვად, კვლავ შეეცადოს დამატებითი შეთანხმების დარღვევას

„არსებობს ელემენტარული თავმოყვარეობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ საშუალებას არ უნდა აძლევდეს, რომ ასე ურცხვად კვლავ შეეცადოს დამატებითი შეთანხმების დარღვევას, რომელიც კომპრომისად ჩაითვალა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, როდესაც ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ყველას კარგად გვახსოვს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტიდან „ქართული ოცნების“ დემარშით გამოსვლის შემდეგ, „ქართულ ოცნებასთან“ დამატებითი შეთანხმება მოხდა იმასთან დაკავშირებით, რომ მხარს დაუჭერდნენ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებას დაბალი ბარიერით, თუკი ამოღებული იქნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი. ეს იყო მათი კიდევ ერთი პირობა, რომელსაც როგორც ჩანს, კვლავ ცდილობენ, რომ დაარღვიონ. საოცრებაა, ეს თავმოყვარეობის თემაც არის. არსებობს ელემენტარული თავმოყვარეობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ საშუალებას არ უნდა აძლევდეს, რომ ასე ურცხვად, კვლავ შეეცადოს დამატებითი შეთანხმების დარღვევას, რომელიც კომპრომისად ჩაითვალა.

ამაზე დამატებით შევთანხმდით და იქ იყო ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი, რასაც კეთილი ნების გამოვლენას უწოდებენ, ეს სინამდვილაში არის მათ მიერ აღებული ვალდებულება, რომელიც კიდევ ერთხელ აიღეს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან.

რა ძალაა ეს, რომელსაც შეუძლია, თავისი აღებული ვალდებულებები ნებისმიერ დღეს გადახიოს?! რას ემსახურება ეს ყველაფერი?- ერთ დასკვნამდე მივდივარ, რომ ძალას, რომელსაც არ აღელვებს მის მიერ საჯაროდ აღებული ვალდებულებები და შეუძლია, ის გადახიოს, რა მნიშვნელობა აქვს მასთან თანამშრომლობას რაიმე საკითხზე, თუ მათ შეუძლიათ, ასე ცვალონ თავიანთი პირობა და აღებული სიტყვა.

„ქართულ ოცნებას" მოვუწოდებ, საზოგადოების წინაშე თავს ნუ შეირცხვენენ და ის, რაზეც ვალდებულება აიღეს და საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია, უნდა შეასრულონ. ის რომ, ეს გახადონ სავაჭრო საგანი და ეს იყოს ხრიკებისა და მანიპულაციების ობიექტი, არ გამოვა, რადგან ეს იქნება „ქართული ოცნების" მხრიდან ის ნაბიჯი, რომელიც დაამთავრებს საერთოდ ყველა ილუზიას, რომ ამ ძალასთან რაიმე საუბარს აზრი აქვს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ მედიასთან.