თინა ბოკუჩავა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: თეორიულადაც არ უნდათ დაშვება, რომ ვადამდელი არჩევნები სამართლიანი თამაშის წესით ჩატარდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ თეორიულადაც არ უნდათ დაშვება იმისა, რომ ვადამდელი არჩევნები სამართლიანი თამაშის წესებით - სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

„ეს არის შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ის ბოლო პუნქტი, რომლის შესრულება ხელისუფლებას პოტენციურად შეეძლო, მაგრამ როგორც შეთანხმების სხვა პუნქტის იგნორირება მოახდინეს, ახლა ამ პუნქტის იგნორირებას ახდენენ. ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი შესაძლებლობა სწორედ ვადამდელი არჩევნებია, რომლითაც ხალხის ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის არჩევა მოხდება.

შემდეგ, სწორედ ეს პარლამენტი დააკომპლექტებს მთავრობას, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, კოალუციური, პროდასავლური მთავრობა იქნება. მეორე მხრივ, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება - სწორედ ეს ორი ნაბიჯი განმუხტავს კრიზისს და ქვეყანას განვითარების, წინ წასვლის შესაძლებლობას მისცემს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ივანიშვილისთვის პარლამენტის ვადამდელი არჩევნები უდიდესს საფრთხეს წარმოადგენს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისივე შეფასებით, კობახიძის განცხადების მთავარი არსი ისაა, რომ მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება აღარ სურს.