ნატო-ს არ ჰყავს წევრები, სადაც ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს - ჯეიმს აპატურაი

ნატო-ს არ ჰყავს წევრები, სადაც ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური პოლარიზაცია უმთავრესი პრობლემაა თავად საქართველოსთვის, მაგრამ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას სურს, იხილოს ამ პოლარიზაციის აღმოფხვრა.

„ახლა თქვენგან გავიგე, რომ ოპოზიციამ ბოიკოტი აირჩია. გუშინ ვფიქრობდი, ნეტავ, როგორც დასრულდა ეს სიტუაცია. ვიცი, რომ აშშ-ი და ევროკავშირი ძალიან აქტიურობდა საქართველოში. დიპლომატები ესაუბრებოდნენ ოპოზიციას და ასევე მთავრობას. ნატო-ს სახელით საქართველოს ხელმძღვანელობას უკვე ვუთხარით, რომ ჩვენ გვსურს ვიხილოთ საქართველო პოლიტიკურ სპექტრში არსებული პოლარიზაციის აღმოფხვრაა. ცხადია, ნატო-ს წევრ ბევრ სახელმწიფოს აქვს დაყოფილი პოლიტიკური სისტემები და ეს სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ ქმედითი მთავრობის არსებობა, მათ შორის პარლამენტში მყოფი აქტიური ოპოზიციის არსებობა არის ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობათა მუშაობის ძირითადი პრინციპი. ჩვენ ნატო-ში არ გვყავს წევრები, სადაც ოპოზიციას პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ყველას სურს, იხილოს კარგი ურთიერთობები ოპოზიციასა და მთავრობას შორის და რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ საქართველოში ახლა ჯანდაცვის მნიშვნელოვანი კრიზისია და საქართველო ნამდვილად არ არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ამ სიტუაციას საუკეთესოდ უმკლავდებიან. ჩემს მშობლიურ კანადაშიც ოპოზიცია და მთავრობა კამათობენ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ჯანდაცვის საკითხებს, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ზოგადად ერთი მიმართულებით მუშაობენ. ასე რომ, ჩემი აზრით, ასეთი მიდგომა ახლა ისე, როგორც არასდროს, მოუტანს სარგებელს ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბა და 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო, თუმცა ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და ბოიკოტის რეჟიმში რჩება.