ნათია თურნავა „ინტერ რაოს“ სარჩელზე: უსაფუძვლოა მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო

„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა „ინტერ რაოს" პოზიციები, მაშინაც და დღესაც მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, რომ არ გავზარდოთ ტარიფები მომხმარებლისთვის, მათ შორის არც „თელასისთვის" გადასახდელი ტარიფი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საარბიტრაჟო სასამართლოში „ინტერ რაოსთან" დაკავშირებულ დავაზე კომენტირებისას განაცხადა.

ნათია თურნავას შეფასებით, დენის ტარიფი დგინდება დამოუკიდებელი მარეგულირებლის, სემეკის მიერ ძალიან გამჭვირვალე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და ის მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, არის უსაფუძვლო. მინისტრის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობაა იმის გარანტი, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ნება-სურვილზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები.

„სწორედ ამიტომ იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და ჩვენ აბსოლუტურად მყარად ვდგავართ ამ პოზიციაზე", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრის თქმით, მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, უსაფუძვლოა.

„ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მივაღწიოთ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და განვავითაროთ საკუთარი ენერგოგენერაციის წყაროები, რათა ნაკლებად ვიყოთ ნებისმიერი ქვეყნის ნება-სურვილზე დამოკიდებულები“, - აღნიშნა თურნავამ.

ცნობისთვის, 23 ნოემბერს, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-სთვის 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა.

მთავრობა მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად განისაზღვრა და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი; შესაბამისად, საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება.