მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირველ დეკემბერს განაცხადა, რომ რაც არ უნდა კარგი იყოს ონლაინ სწავლება, ის ვერასდროს ჩაანაცვლებს სასწავლო პროცესს, რომელიც საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში მიმდინარეობს.
„ყველა სკოლაში ინტერნეტის ამა თუ იმ ფორმით ხელმისაწვდომობა არის. თუმცა კარგად ვიცი, რომ ოჯახებში ინტერნეტზე წვდომა ან გაჯეტი ყველას არ აქვს. შესაბამისად, როდესაც პანდემია მძვინვარებდა და სისტემა დისტანციურზე გადავიყვანეთ, იმის გამო, რომ ვიცოდით, ყველას არ ჰქონდა წვდომა ონლაინზე, ერთ კვირაში შევქმენით „ტელესკოლის“ პროექტი. ბრიტანეთშიც აღმოჩნდა, რომ ყველას არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტზე და ეს იყო მთავარი მიზეზი, რისთვისაც BBC-მ დაიწყო „ტელესკოლის“ პროექტი. ჩვენთან შეიქმნა საგანმანათლებლო არხი, რომელსაც საერთაშორისო აღიარება აქვს, ასე გადავწყვიტეთ პრობლემა და იმუშავა. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ დავბრუნდით ბუნებრივ გარემოში და ონლაინ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის მთავარ პრინციპზე. მისი თქმით, უნივერსიტეტების ფინანსური კეთილდღეობა სტუდენტების რაოდენობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული - ამან გამოიწვია მთელი რიგი პრობლემები, მათ შორის აკადემიური კუთხითაც.
მინისტრის თქმით, პროექტი დასრულებულია და ახლა ხდება ფორმულის შეჯერება, თუ როგორ მოხდეს დაფინანსების განაწილება.
„დაფინანსების ახალი მოდელის მთავარი კონცეფცია არის საბაზო დაფინანსება. სახელმწიფო უნივერსიტეტებს ექნება საბაზო დაფინანსება, რაც გარანტიას იძლევა, რომ უნივერსიტეტებს ექნებათ ფინანსები, რომელიც მოხმარდება როგორც აკადემიური პროცესის, ასევე სამეცნიერო-კვლევითი პროცესის განვითარებას.
მთავარი პრინციპი შემდეგია - უნივერსიტეტების ფინანსური კეთილდღეობა სტუდენტების რაოდენობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ამან გამოიწვია მთელი რიგი პრობლემები, მათ შორის აკადემიური კუთხითაც. მოხდა ნიშნების ინფლაცია, ანუ გამოცდა აღარ გამოცდობს. რატომ? - იმიტომ, რომ ფაკულტეტი არ არის დაინტერესებული, სტუდენტი გამოცდაზე ჩაიჭრას, დაკარგოს სტუდენტი, რადგან ფაკულტეტის და უნივერსიტეტის კეთილდღეობა მიბმულია მხოლოდ სტუდენტების რაოდენობაზე. ეს არასწორი მიდგომაა. საბაზო დაფინანსება გარანტიაა იმ ფინანსური მინიმუმის, რომელიც საჭიროა უნივერსიტეტის ფუნქციონირებისთვის.
ეს დაფუძნებული იქნება თვლად ინდიკატორებზე. შემდეგი ეტაპია დაფინანსების ფორმულის კონკრეტიკის გათვალისწინება. შეხვედრები გაიმართება რექტორთა ჯგუფებთან. შემდეგ ამას გავიტანთ რექტორთა საბჭოზე. პროცესში ჩართული იქნება პარლამენტი. გაიმართება საერთო საზოგადოებრივი განხილვა, რომ იმ კონკრეტულ ფორმულაზე შევჯერდეთ, რასაც გამოვიყენებთ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით შეკითხვის საპასუხოდ ასევე განაცხადა, რომ ის პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებმაც კომპეტენციის ზღვარი ვერ დააკმაყოფილეს, კონკურსის გზით ჩანაცვლდებიან.
„ჩემი ღრმა რწმენით, მასწავლებელი, რომელიც მინიმუმ კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ის ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების მასწავლებელი არ უნდა იყოს და არც იქნება. ეს გამოცდა იყო მხოლოდ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის. კი, სამწუხარო შედეგი იყო, მაგრამ ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ გაჯანსაღდეს და გაუმჯობესდეს ხარისხი სკოლებში“, - აღნიშნა ჩხენკელმა.
ცნობისთვის, 2021 წელს 6 878 პრაქტიკოსი მასწავლებლიდან, საკუთარ საგანში მინიმალური ზღვარი 2 886-მა ვერ გადალახა. უნარებში - 2 365-მა. პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებმაც გამოცდა ვერ ჩააბარეს, შემოდგომის სემესტრის შემდეგ ახალი კადრებით ჩანაცვლდებიან. მასწავლებელთა ნაწილი ამ გადაწყვეტილებას აქციებით აპროტესტებს.