ჰაკან ფიდანი: თურქეთი-ბულგარეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს ენერგეტიკული დერეფანი უმნიშვნელოვანესია რეგიონული უსაფრთხოებისთვის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის შექმნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.


თურქმა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ენერგეტიკა თურქეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი სფეროა: „ჩვენი ურთიერთობები ყოველწლიურად ფართოვდება, დივერსიფიცირდება და ღრმავდება.“


„გასულ წელს ბაქოში აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით ხელი მოეწერა მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმს, რაც უდიდესი მნიშვნელობისაა ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. ამავდროულად, ელექტროენერგიისა და ენერგოეფექტურობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გასულ წელს ხელმოწერილი მემორანდუმი ახალ იმპულსს სძენს ბულგარეთთან ჩვენს ენერგეტიკულ პარტნიორობას,“ - აღნიშნა ფიდანმა.


2025 წლის აპრილში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრებმა ხელი მოაწერეს მწვანე ენერგიის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს, რითაც დაიწყო აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის ენერგეტიკული დერეფნის შექმნის პროექტი. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის მომზადება 2026 წელს დაიწყება.


ახალი დერეფანი უზრუნველყოფს ენერგიის მიწოდებას კასპიის რეგიონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის, კერძოდ, ბულგარეთისთვის, ასევე, რუმინეთისთვის და უნგრეთისთვის.