მიხეილ სააკაშვილი: მზად ვარ, მოვისმინო ყველა პრეტენზია, სადაც მართალი არ ვიქნები, დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის კათარზისი

"მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის, და როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს, გთხოვთ გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ. სადაც მართალი არ ვიქნები, დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის კათარზისი და გაწმენდის პროცესი", - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე, სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, საზოგადოებასთან ღია დისკუსია უნდა და საქართველოში სწორედ ამის გამო დაბრუნდა.

"მეგობრებო, ვინც ჩემ ბოდიშს, ან არაგულწრფელად, ან არასაკმარისად თვლით, ვინც მიიჩნევთ, რომ ჩემი აღიარება დაშვებული შეცდომების საკმარისია და ვისაც მიაჩნია, რომ ეს საერთოდ არაა საკმარისი და უნდა ჩამომეთვალა ყველა სფერო, ყველაფერი, მე მინდა ყველას გითხრათ, მზად ვარ მოვისმინო ყველა თქვენი პრეტენზია.

ბევრი მოთხოვნა იყო, რატომ არ გამოვახტე მეტი ბოდიშის განცდა წინა ჩემ გამოსვლაში და მეტი სინანული. ნუ ახლა ვინც სინანულს მოუწოდებენ, უფრო სწორად ამას აკეთებენ უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლები, გასაგებია, მათთვის ეს ისეთივე სინანულია, როგორც სტალინი აწყობდა ღია პროცესებს, ყველა აღიარებდა თავის ბრალს, მერე ყველას ხვრეტდნენ, თავისივე აღიარებული საჯარო ბრალის საფუძველზე. იმ ხალხის მიმართ, მე არანაირი სასინანული არ მაქვს. რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, რა თქმა უნდა დანარჩენ საზოგადოებასთან მე ბევრი მაქვს სალაპარაკო, მთლიანად საზოგადოებაზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამავე თემაზე:

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე პროკურორს ბინძური მატყუარა უწოდა