ბლინკენი ლავროვს: თუ უკრაინასთან დაკავშირებით, რუსეთი სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს, მოსკოვს ეს ძვირი დაუჯდება

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს სტოკჰოლმში ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა. მდივანმა ბლინკენმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ, მათ შორის სამხედრო გადაადგილებაზე უკრაინის საზღვრებთან.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, დააბრუნოს თავისი ძალები ძველ პოზიციებზე და შეასრულოს მინსკის შეთანხმება. ასევე - ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება დონბასში.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინსვლის საუკეთესო გზა არის დიპლომატია მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულებასთან ერთად და შეერთებული შტატები მზადაა, ამ პროცესს მხარი დაუჭიროს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თუ მოსკოვი სამხედრო ესკალაციის გზას არჩევს, მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მოკავშირეები მზად არიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის და მოსკოვს ეს ძვირი დაუჯდება.

მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე მუდმივი კოორდინაციის მნიშვნელობა და ინტერესების თანხვედრა, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ირანის განზრახვის შეჩერებას.

მხარეებმა ასევე განიხილეს კავკასიაში არსებული ვითარება და მდივანი მიესალმა სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის პირდაპირი დიალოგის განახლებას.

„დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს ვესაუბრე უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაზე. შეერთებული შტატები მხარს უჭერს დონბასში კონფლიქტის დიპლომატიურ გადაწყვეტას და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს მინსკის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები“, - დაწერა ბლინკენმა Twitter-ზე.

ამავე თემაზე:

ენტონი ბლინკენი: ღრმად შეშფოთებულები ვართ მტკიცებულებებით იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესია დაგეგმა