ჩირაღდნის შუქზე გამართული ცერემონიის დროს გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები კანცლერ ანგელა მერკელს დაემშვიდობა.
ხუთშაბათს საღამოს მოკლე სიტყვაში, მერკელმა მადლობა გადაუხადა გერმანელებს, მოუწოდა ცხოვრებას მსუბუქად მიუდგნენ და ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილი თავიანთი ქვეყნის მომავლის მიმართ.
„გერმანიის კანცლერობის თექვსმეტი წელი ხშირად ძალიან რთული მოვლენებით იყო სავსე - პოლიტიკურად და ადამიანურად”, - განაცხადა მერკელმა.
მისივე თქმით, მრავალრიცხოვანმა კრიზისმა აჩვენა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავებისას.
კანცლერმა დაამატა, რომ „განსაკუთრებით პანდემიის ბოლო ორმა წელმა აჩვენა „რაოდენ მნიშვნელოვანია ნდობა პოლიტიკური ლიდერების, მეცნიერებისა და საჯარო დისკურსის მიმართ“.
„მინდა მოგიწოდოთ, რომ სამყაროს სხვა ადამიანების პერსპექტივიდანაც შეხედოთ“, - განაცხადა მერკელმა.
ცერემონიისთვის მერკელმა თავდაცვის სამინისტროს (Bendler Block) კომპლექსი აირჩია. ეს არის ადგილი, რომელიც ბევრ ისტორიას ინახავს. ის 1914 წელს აშენდა, როგორც გერმანიის საიმპერიო საზღვაო ფლოტის ოფისი.
ცნობისთვის, 8 დეკემბერს, ბუნდესტაგი გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ოლაფ შოლცის კანდიდატურას უყრის კენჭს.