ევროკავშირის ელჩი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს აშკარად ეწინააღმდეგება

ეროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება საერთაშორისო რეკომენდაციებს, არ უწყობს ხელს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში ნდობის გაძლიერებას და საქართველოს წინსვლას ევროპულ გზაზე.

ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„თქვენ ალბათ იხილეთ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის გუშინდელი განცხადება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნული იყო, რომ მოსამართლეების ბოლო დანიშვნა ეწინააღმდეგება ამბიციური სასამართლო რეფორმის ჩატარების დაპირებებს. უნდა ვთქვა, რომ ეს დანიშვნები აშკარად განხორციელდა ევროპის საბჭოს, ეუთოს კომისიის, ეუთო/ოდირისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების, როგორებიც არიან ევროკავშირი და აშშ, რეკომენდაციებისა და რჩევების საწინააღმდეგოდ.

ასე რომ, მარტივად გასაგებია, რა პოზიცია გვაქვს ამ საკითხზე. ჩვენ შევეცადეთ, ჩავრთულიყავით პირდაპირ დიალოგში, რათა ხელი შეგვეწყო პროცესში საერთო შეთანხმებისკენ წინსვლისთვის. სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა. ცხადია, რომ ეს არ უწყობს ხელს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში ნდობის გაძლიერებას და საქართველოს წინსვლას ევროპულ გზაზე“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ამავე თემაზე: ევროკავშირი უზენაესის მოსამართლეების დანიშვნაზე: ევროკავშირის დახმარება საკვანძო რეფორმების წინსვლაზე იქნება დამოკიდებული, სასამართლო რეფორმის ჩათვლით

პარალმენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე აირჩია

ელჩს ჟურნალისტებმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესზეც ჰკითხეს,

„მოხარული ვარ, რომ კვლავ ფიზიკურად ესწრებოდა პროცესს სასამართლოში საქართველოს ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესზე დაკვირვებას ისევე, რათა დავრწმუნდეთ და დავინახოთ, რომ მის საქმეებთან დაკავშირებით სათანადო სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.