პოლიტიკური პარტია "გირჩი" ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების დახმარება ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში შედეგს არ გამოიღებს, პარტიის ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის დეპუტატის მანდატებზე.
პარტია "გირჩის" შეფასებით, მე-10 მოწვევის პარლამენტი, რომელიც დღეს პირველად შეიკრიბა, ვერ შედგა ორი მიზეზის გამო: ის იყო ერთპარტიული და იქ არ იყო კონსტიტუციის ცვლილებისთვის საჭირო პარლამენტართა მინიმუმიც კი - 113 ადამიანი.
"ჩვენ, არჩევნების დასრულების დღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ პარლამენტში შესვლას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ის ნამდვილად იქნება პარლამენტი, რაც ნიშნავს იმასაც, რომ იქ არის განსხვავებული აზრი და შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
გირჩი უარს ამბობს არასრულფასოვან პარლამენტში შესვლაზე და იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოვიყენებთ ბოლო შანსს - ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩების დახმარებას, და წარუმატებლად დავასრულებთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, გირჩის ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას მართავს, რომელსაც ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრება. მათი დიდი ნაწილი უარს ამბობს მანდატებზე, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა.