ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი დღვანდელი დღით შეიძლება კმაყოფილია, მაგრამ ამ პროცესების დასასრული მას ნამდვილად არ დააკმაყოფილებს.

„სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა არის დესტრუქცია და ის, გვარამიასთან და ბოკერიასთან ერთად, ყველაფერს აკეთებდა, რომ აეყირავებინა მოლაპარაკების მაგიდა. ის შეიძლება იყოს კმაყოფილი, მაგრამ ამ პროცესის დასასრული იქნება ისეთი, რომ ნამდვილად არ დააკმაყოფილებს. მისი ორივე პარტია, რომელიც მისი პირმშოა, „ნაციონალური მოძრაობა“ და “ევროპული საქართველო“, ქართული პოლიტიკიდან და საპარლამენტო სივრციდან გაქრება. ეს იქნება ძალიან ლოგიკური და კანონზომიერი შედეგი“, - აღნიშნა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, დღეს მიხეილ სააკაშვილმა Facebook გვერდზე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ის, რაც დღეს თბილისში მოხდა ქართველი ხალხის დიდი გამარჯვებაა.

„არავის არ ეჯერა, მიუხედავად ამხელა მოსყიდვისა, დაშინებისა, გაყოფისა, ჭორებისა, სიბინძურისა და პროპაგანდისა მოხდებოდა პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანება - ერთი იდეის გარშემო, რომ არჩევნები მოპარულია და მოპარული არჩევნები არავის არ უნდა შერჩეს! ამიტომ, ეს მართლაც არის სასწაული - ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება, ძალა არის ერთობაში!ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ახლა პრაქტიკულად არავინ არ შევიდა პარლამენტში".

მისი თქმით, უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში.

„კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის, ვინც შევიდა უკანონოდ პარლამენტში და მოიპარა ქართველი ხალხის ნება და არჩევნები დროზე გამოვიყვანოთ და საქართველოში გაჩნდეს ლეგიტიმური ხელისუფლება, ლეგიტიმური პარლამენტი და საქართველომ გააგრძელოს განვითარება და გადაწყვიტოს უმძიმესი კრიზისი, რომელიც ახლა არის ჩვენს ქვეყანაში!