ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, როდის აიცრება კოვიდვაქინის მეორე დოზით. მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ იმ პერიოდისთვის, როდესაც ის Astrazeneca-ს ვაქცინით აიცრა, ამ ტიპის ვაქცინით აცრა მისი ასაკისა და სქესისთვის დასაშვები იყო, თუმცა მეორე დოზით აცრამდე კორონავირუსით დაინფიცირდა, ვაქცინების დადგენილებაში კი გარკვეული ცვლილებები შევიდა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინის მეორე დოზას წლის ბოლომდე გაიკეთებს, თუმცა რომელი ვაქცინა იქნება ეს, კონსულტაციების საფუძველზე გაირკვევა.
„ამაზე არის ძალიან ბევრი კითხვა საზოგადოებაში და ახსნა არის ძალიან მარტივი. მე პირველი დოზა გავიკეთე Astrazeneca-ს ვაქცინით, რომელიც იმ პერიოდისთვის იყო მიღებული ჩემი ასაკის მოქალაქეებისთვის და ასევე სქესისთვის, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩათვლილი, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, თუმცა შემდეგ იყო სხვადასხვა მოსაზრება და იმ პერიოდში, ვიდრე მე მეორე ვაქცინა მეკუთვნოდა, უკვე ვიყავი ინფიცირებული.
მერე გამოვიდა ახალი დადგენილება, რითაც უკვე გარკვეულ რისკებს შეიცავდა და ამან, რა თქმა უნდა, ჩემს ჯანმრთელობაზეც მცირედი გავლენა მოახდინა, რის შემდეგაც უკვე კონსულტაციები ჩაითვალა საჭიროდ, უკვე რომელი ვაქცინით უნდა გავაგრძელო აცრა.
დღეს უკვე ცნობილია, რომ დასაშვებია, ადამიანებმა, რომლებიც არ არიან სხვა ტიპის ვაქცინით აცრილები, მიიღონ დამატებითი დოზა Pfizer-ის ვაქცინის. ეს იყო საკმაოდ რთული პროცესი, რომელიც, რა თქმა უნდა, რაც უფრო ადრე გახდებოდა საჯარო, შეიძლება ,გარკვეული კამათის ან დისკუსიის საგანი გამხდარიყო, იყო ეს სიმართლე თუ ტყუილი. ვინაიდან ჩვენ არ გვქონდა კონკრეტული პასუხები ამასთან მიმართებით, რა თქმა უნდა, მეც მქონდა გარკვეული დუმილის ვალდებულება როგორც ჩემს ჯანმრთელობასთან მიმართებით, ასევე, რომ არ დამენერგა პანიკა მოსახლეობაში. თუმცა, მას შემდეგ, რაც უკვე უფრო ცხადი ხდება, რა შეიძლება იყოს ჩემი შემდგომი გზამკვლევი ვაქცინაციაზე, მივიღებ ვაქცინის ჩემს კუთვნილ დოზას“, - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.
ცნობისთვის, ბოლოს მინისტრს ოქტომბერში ჰკითხეს, როდის აპირებდა მეორე დოზით ვაქცინაციას.
ეკატერინე ტიკარაძე 2021 წლის მარტში აიცრა Astrazeneca-ს ვაქცინით. ივნისში მას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამავე თემაზე: