გენერალი მარკ მილი: აშშ თვალყურს ადევნებს საკმარის შემაშფოთებელ ინდიკატორებს უკრაინის მახლობლად რუსული სამხედრო ძალების მოქმედებების შესახებ

„შეერთებული შტატები თვალყურს ადევნებს საკმარის ინდიკატორებსა და გაფრთხილებებს უკრაინის მახლობლად რუსული სამხედრო ძალების მოქმედებების შესახებ, რაც „ღრმა შეშფოთებას" იწვევს. რუსული რიტორიკა სულ უფრო მძაფრი ჩანს“, - განაცხადა აშშ-ის გენშტაბის ხელმძღვანელმა მარკ მილიმ Reuters-ის ცნობით.

გენერალმა უარი თქვა სპეკულირებაზე, თუ რა ვარიანტები შეიძლება განიხილოს შეერთებულმა შტატებმა რუსეთის შეჭრის შემთხვევაში. მაგრამ ხაზი გაუსვა უკრაინის სუვერენიტეტის მნიშვნელობას ვაშინგტონისთვის და NATO-ს ალიანსისთვის.

„საქმე ეხება აშშ-ისა და NATO-ს წევრი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, თუ რუსეთი ღია სამხედრო აგრესიას მიმართავს იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც 1991 წლიდან დამოუკიდებულია“, - აღნიშნა გენერალმა.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.

ამავე თემაზე:

ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის შესაძლო თავდასხმისგან უკრაინის დასაცავად ინიციატივათა ახალ პაკეტს განიხილავს