დღეს ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიების განულების მოთხოვნით მიმართა. ეს პარტიები არიან -„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო საქართველოსთვის“.
სიების ჩახსნის შესახებ განცხადება არ შეუტანიათ „მოქალაქეებს“, „გირჩსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“.
უნდა აღინიშნოს, რომ სიების ანულირება გულისხმობს იმ ადამიანების სიის ჩახსნას, რომლებიც ვერ მოხვდნენ პარლამენტის გამსვლელ სიაში. იმ პირებმა, რომელთაც საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, ინდივიდუალური განცხადებები უნდა წარადგინონ პრლამენტში. ამისთვის მათ ერთკვირიანი ვადა აქვთ.
„პატიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ პარტიის საარჩევნო სიის ყველა წევრს დაწერილი აქვს განცხადება, რომ არ აპირებს გაყალბებული არჩევნებით მოწვეულ პარლამენტში მუშაობას.
„სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ეს ვერ განახორციელეს. ამიტომ მიდიან შედარებით უფრო ხანგრძლივი გზით, რასაც ქვია სიების ჩახსნა, შემდგომ მიმართვა უკვე პარლამენტისთვის. ველოდებით, რომ ოპოზიციური პარტიები მიმართავენ უკვე პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნის შესახებ. ჩვენც ამ პერიოდში მივმართავთ პარლამენტს უფლებამოსილების მოხსნის შესახებ. სიის ჩახსნის პრობლემა არ გვაქვს“, – აცხადებს თევდორაძე.
„გირჩის“ ცნობით, თუ ვერ გამოიყენებენ ბოლო შანსს და წარუმატებლად დაასრულებენ მოლაპარაკებას ხელისუფლებასთან, მათი ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე.
ამავე პოზიციაზე არიან „მოქალაქეები“. მათი თქმით, პარლამენტის მანდატს იმ შემთხვევაში დატოვებენ, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება.
ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ სიით გასულმა ორმა „რესპუბლიკელმა“, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ განაცხადეს, რომ რადგან გრძელდება მოლაპარაკებები, მანდატებზე უარის თქმის თაობაზე ხელმოწერილი განცხადებებით პარლამენტს მიმართავენ მოლაპარაკების პროცესის დამთავრების შემდეგ.