Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი (ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების მეთაური 2014-2017 წლებში) ბენ ჰოჯესი საუბრობს ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე მიმდინარე პროცესებზე, უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის თავმოყრაზე და განიხილავს თეორიებს, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები.
ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ მიგრანტების შეიარაღება პოლონეთთან, ლიეტუვასთან და ლატვიასთან ბელარუსის საზღვრის გასწვრივ არ არის შემთხვევითი და ის დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის აქტივობებთან უკრაინასა და მის გარშემო; კერძოდ, ეს შეიძლება იყოს დაზვერვითი ხასიათის, საბოტაჟის ან ყურადღების გადატანის მცდელობასთან დაკავშირებული ქმედებები, ან ყველა ზემოაღნიშნული.
„სუვალკის დერეფანი, პოლონეთი-ლიეტუვის ტერიტორიის ეს ვიწრო ნაწილი, რომელიც ბელარუსსა და კალინინგრადს შორის მდებარეობს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ის არის სახმელეთო კავშირი ჩვენს ბალტიისპირელ მოკავშირეებს (ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი) და დანარჩენ NATO/ევროკავშირს შორის. თუ რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის შეიარაღებული ძალები დაკეტავენ მას, მაშინ რეალური პრობლემა შეგვექმნება.
არსებობს ამის შესაძლებლობა (არა გარდაუვალი), მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი მიგრანტებთან დაკავშირებული სიტუაცია ბელარუსის საზღვარზე (რომელიც მთლიანად ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის შექმნილია) გადაიზრდება სერიოზულ პრობლემაში, რა დროსაც რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა, გადაწყვიტოს, რომ უნდა ჩაერიოს „ჰუმანიტარული კრიზისის“ ან სხვა რაღაცის გამო და ამ პროცესში „დროებით“ დახურავს დერეფანს, თავისი ორი გზითა და ერთი რკინიგზით.
ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ჩემი აზრით, სავსებით შესაძლებელი. მთლიანობაში, სწორედ ეს არის კლასიკური რუსული „ომი“ - ყველანაირი ინსტრუმენტის, ბერკეტების, მუქარის, ენის, დეზინფორმაციის, მიგრანტების გამოყენებით“, - აღნიშნავს ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი.
ბენ ჰოჯესის შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე კინეტიკური კონფლიქტის გაფართოება არ არის გარდაუვალი, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კრემლი გადაწყვეტს მოქმედებას, არსებული კონფიგურაცია მას ამის საშუალებას მისცემს.
ჩემი აზრით, უკრაინაში და მის გარშემო განვითარებულ მოვლენები არის ერთგვარი გაგრძელება, მომდევნო ფაზა იმისა, რაც მოხდა უკრაინაში და მის ირგვლივ ჯერ კიდევ გაზაფხულზე. მას შემდეგ, მიუხედავად თავდაცვის მინისტრ შოიგუს ცრუ განცხადებებისა, ვფიქრობ, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის (RF) შეიარაღებული ძალები ნამდვილად არ დაბრუნებულან თავიანთ ყაზარმებში - რუსეთმა ადგილზე დატოვა ლოგისტიკის დიდი ნაწილი „ზაპად-21“ წვრთნების შემდეგ.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაჟღერდა უამრავი ძალიან მკვეთრი/უხეში გზავნილი პრეზიდენტ პუტინის მიერ, ასევე იყო კითხვები და ტრაბახი უკრაინის მომავლისა და მისი ლეგიტიმურობის შესახებ.
თუ შევხედავთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს - ჯარების გადაადგილებას/განლაგებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზეწოლის და სამხედრო შესაძლებლობების სტაბილური ესკალაცია რეგიონში არც არასოდეს შეჩერებულა. რა თქმა უნდა, ამას საქართველოზეც აქვს გავლენა, თუ გათვალისწინებით ყირიმთან და აზოვის ზღვასთან მის სიახლოვეს.
ჩვენ ვიცით, რომ რუსები მხოლოდ მაშინ ჩერდებიან, როცა მათ აჩერებენ. NATO-ს და ჩვენი პარტნიორების, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მხრიდან საჭირო იქნება მტკიცე გადაწყვეტილება, რათა კრემლს ნათლად დავანახოთ, რომ ჩვენ არ მოვითმენთ ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის შემდგომ დარღვევას“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა Europetimet-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ამავე თემაზე: ბენ ჰოჯესთან ექსკლუზიური ინტერვიუ სრულად
ცნობისთვის, გერმანული გამოცემა, Bild-ის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინისთვის ზღვაზე გასასვლელის ბლოკირებას და კიევის ალყაში მოქცევას გეგმავს. გამოცემის წყაროს ცნობით, შეტევა სამფაზიანი იქნება და თავდასხმა ერთდროულად დაიწყება ანექსირებული ყირიმიდან და ოკუპირებული დონბასიდან.