ბენ ჰოჯესი: NATO-მ და ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის უკრაინამ და საქართველომ კრემლს მკაფიოდ უნდა ვაჩვენოთ, რომ საერთაშორისო სამართლის და სუვერენიტეტის დარღვევას არ მოვითმენთ

Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი (ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების მეთაური 2014-2017 წლებში) ბენ ჰოჯესი საუბრობს ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე მიმდინარე პროცესებზე, უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის თავმოყრაზე, NATO-სა და პარტნიორების მხრიდან უფრო მკვეთრი და მტკიცე გადაწყვეტილებების საჭიროებასა და NATO-სა და აშშ-ის მხრიდან ერთიანი სტრატეგიის აუცილებლობაზე შავი ზღვის დიდ რეგიონთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით.

ET: მოგესალმებით ბატონო გენერალო, მადლობა რომ გამონახეთ დრო ჩვენთან სასაუბროდ. იმდენი რამ ხდება, აღარ ვიცი საიდან დავიწყო კითხვა, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს, ყველაფერი საბოლოოდ ერთმანეთთან კავშირშია.. ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე ლუკაშენკოს მიერ სანქციების საპასუხოდ, მუქარის ინსტრუმენტად გამოყენებული ლტოლვილებიდან დაწყებული, დამთავრებული რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარის და ტექნიკის განმწესებით. ამ ფონზე კი ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი NATO-ს მეოთხე მუხლის ამოქმედებაზე იწყებენ საუბარს.. ასევე ნიშანდობლივია NATO-ს გენერალური მდივანის განცხადებებიც უკრაინასთან მიმართებაში.. როგორ შეაფასებდით ამ პროცესებს, ფაქტია, დაძაბულობამ პიკს მიაღწია..როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში?

უკრაინაში მიმდინარე კინეტიკური კონფლიქტის გაფართოება არ არის გარდაუვალი, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კრემლი გადაწყვეტს მოქმედებას, არსებული კონფიგურაცია მას ამის საშუალებას მისცემს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო NATO-ს გენერალური მდივნის სტოლტენბერგის შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან და მისთვის NATO-ს შეშფოთების გამოხატვა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

ET: საქართველო როგორ გამოიყურება და სადაა მიმდინარე პოლიტიკურ ლანდშაფტში? საკმაოდ მღელვარე და გამოწვევებით სავსე პროცესებია ქვეყანაშიც... ასევე მოგეხსენებათ, ციხეში შიმშილობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ხოლო უკვე თითქმის 14 დღეა, საკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს საქართველოს პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია.

მთელი ეს სიტუაცია ხაზს უსვამს NATO-ს და აშშ-ის სტრატეგიის აუცილებლობას შავი ზღვის დიდ რეგიონთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით. საქართველო არის ერთგვარი ღუზა ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის უკიდურეს აღმოსავლეთში და ადგილი, რომელიც წარმოადგენს კარიბჭეს ევროპასა და ევრაზიას შორის. ამგვარად, აშშ-ის მთავრობა და NATO დაინტერესებულნი არიან, რომ საქართველო იყოს სტაბილური, უსაფრთხო, დემოკრატიული, კრემლის მავნე გავლენისადმი მდგრადი და შეძლოს, მოახდინოს თავისი, როგორც ლიბერალური და დემოკრატიული საზოგადოების პოტენციალის რეალიზება.

ზოგადად, ვერიდები სხვა ქვეყნების საშინაო პოლიტიკაზე კომენტარის გაკეთებას, განსაკუთრებით ისეთი მეგობრის, როგორიც საქართველოა. თუმცა, შეშფოთებული ვარ ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ საშინელი და უპატივცემულო მოპყრობით. მიუხედავად იმისა, ბრალი ედება თუ არა მას დანაშაულში, საჯაროდ მისი ასე დამცირება შეუფერებელია იმ ერისთვის, რომელსაც სურს პატივი სცენ და სურს, იყოს ევროპის ნაწილი. იმედგაცრუებული ვარ ამ სამარცხვინო საქციელით.

ET: უკრაინაში ბოლო პერიოდში გამწვავებული სიტუაცია, ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე შექმნილი ლტოლვილების კრიზისი... როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

ჩემი აზრით, უკრაინაში და მის გარშემო განვითარებულ მოვლენები არის ერთგვარი გაგრძელება, მომდევნო ფაზა იმისა, რაც მოხდა უკრაინაში და მის ირგვლივ ჯერ კიდევ გაზაფხულზე. მას შემდეგ, მიუხედავად თავდაცვის მინისტრ შოიგუს ცრუ განცხადებებისა, ვფიქრობ, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის (RF) შეიარაღებული ძალები ნამდვილად არ დაბრუნებულან თავიანთ ყაზარმებში - რუსეთმა ადგილზე დატოვა ლოგისტიკის დიდი ნაწილი „ზაპად-21“ წვრთნების შემდეგ.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაჟღერდა უამრავი ძალიან მკვეთრი/უხეში გზავნილი პრეზიდენტ პუტინის მიერ, ასევე იყო კითხვები და ტრაბახი უკრაინის მომავლისა და მისი ლეგიტიმურობის შესახებ.

თუ შევხედავთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს - ჯარების გადაადგილებას/განლაგებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზეწოლის და სამხედრო შესაძლებლობების სტაბილური ესკალაცია რეგიონში არც არასოდეს შეჩერებულა. რა თქმა უნდა, ამას საქართველოზეც აქვს გავლენა, თუ გათვალისწინებით ყირიმთან და აზოვის ზღვასთან მის სიახლოვეს.

ჩვენ ვიცით, რომ რუსები მხოლოდ მაშინ ჩერდებიან, როცა მათ აჩერებენ. NATO-ს და ჩვენი პარტნიორების, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მხრიდან საჭირო იქნება მტკიცე გადაწყვეტილება, რათა კრემლს ნათლად დავანახოთ, რომ ჩვენ არ მოვითმენთ ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის შემდგომ დარღვევას.

ET: საფრანგეთმა კონკრეტული და ძალიან მკაფიო მხარდასაჭერი განცხადება გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთთან მიმართებით... ზოგადად, ევროკავშირიც ნამდვილად არაა პასიური...

ვფიქრობ, მიგრანტების შეიარაღება პოლონეთთან, ლიეტუვასთან და ლატვიასთან ბელარუსის საზღვრის გასწვრივ არ არის შემთხვევითი და ის დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის აქტივობებთან უკრაინასა და მის გარშემო; კერძოდ, ეს შეიძლება იყოს დაზვერვითი ხასიათის, საბოტაჟის ან ყურადღების გადატანის მცდელობასთან დაკავშირებული ქმედებები, ან ყველა ზემოაღნიშნული.

რამდენიმე დღის წინ, ლატვიის მაღალი თანამდებობის პირებთან საუბრისას, მათ აღნიშნეს, რომ ამას სულ მცირე სადაზვერვო მოქმედებად თვლიან; ისინი აკვირდებოდნენ ბელარუსის (ან რფ?) სპეცდანიშნულების ძალებს, რომლებიც ითვლიდნენ, თუ რა დრო დასჭირდებოდათ ლატვიის სასაზღვრო უსაფრთხოების ძალებს მიგრანტების შემოჭრის მცდელობებზე რეაგირებისთვის. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება, იყოს უკრაინაში და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ორჯერ ვიყავი კიევსა და ოდესაში და გეტყვით, რომ ისინი ძალიან შეშფოთებულები არიან ყოველივე ამით.

ვფიქრობ, ევროკავშირი როგორც იქნა სერიოზულ ნაბიჯებს დგამს მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მათი ყურადღება მეტად უნდა იყოს მიმართული კრემლზე და ნაკლებად ლუკაშენკოზე. ლუკაშენკო იმსახურებს ნებისმიერ სანქციებს და სხვა სახის არაკონსტრუქციულ ქმედებებს, თუმცა ამაზე მეტი მის წინააღმდეგ არც არაფერია გასაკეთებელი; მიგრანტების/სასაზღვრო კრიზისის გასაღები არის თვითონ კრემლი, რომელიც ამ მომენტში არ გრძნობს არანაირ ზეწოლას და შესაბამისად, არც არანაირი ინტერესი აქვს, ბოლო მოუღოს ამ კრიზისს.

რა თქმა უნდა, თურქეთი ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ ევროკავშირი მათ ნაწილობრივ ადანაშაულებს ბელარუსში მიგრანტების ჩაყვანაში, რაც ასევე ხელს უწყობს კრემლის მიზნების განხორციელებას და აძლიერებს განხეთქილებას ალიანსში და/ან თურქეთსა (გასაღები შავი ზღვაზე) და ევროპას შორის. სუვალკის დერეფანიც ყოველივე ამის მთავარი ნაწილია.

პოლონეთი-ლიეუტვის ტერიტორიის ეს ვიწრო ნაწილი, რომელიც ბელარუსსა და კალინინგრადს შორის მდებარეობს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ის არის სახმელეთო კავშირი ჩვენს ბალტიისპირელ მოკავშირეებს (ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი) და დანარჩენ NATO/ევროკავშირს შორის. თუ რუსეთის ფედერაციის და ბელორუსის შეიარაღებული ძალები დაკეტავენ მას, მაშინ რეალური პრობლემა შეგვექმნება.

არსებობს ამის შესაძლებლობა (არა გარდაუვალი), მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი მიგრანტებთან დაკავშირებული სიტუაცია ბელარუსის საზღვარზე (რომელიც მთლიანად ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის შექმნილია) გადაიზრდება სერიოზულ პრობლემაში, რა დროსაც რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ უნდა ჩაერიოს „ჰუმანიტარული კრიზისის“ ან სხვა რაღაცის გამო და ამ პროცესში „დროებით“ დახურავს დერეფანს, თავისი ორი გზითა და ერთი რკინიგზით. ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ჩემი აზრით, სავსებით შესაძლებელი. მთლიანობაში, სწორედ ეს არის კლასიკური რუსული „ომი“ - ყველანაირი ინსტრუმენტის, ბერკეტების, მუქარის ენის, დეზინფორმაციის, მიგრანტების გამოყენებით.

ET: ენერგორესურსები და რუსული გაზი ასევეა რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, მოლდოვის მაგალითიც კმარა ამისთვის...

რუსული გაზი ასევე წარმაოდგენს აშკარა „იარაღს“ და ისიც ზემოაღნიშნულის ნაწილია; ყველა ერთადაღებული კი მიზნად ისახავს ევროკავშირში არეულობის/დესტაბილიზაციის შეტანას, დასავლეთის თვალში უკრაინის წარმოჩენას „არშემდგარ სახელმწიფოდ“ და ჩვენს გამოყვანას წონასწორობიდან - ცივი ზამთრის მოახლოებასთან ერთად, და ვიდრე გერმანიაში ახალი კოალიციური მთავრობა შეიქმნება, იმედია - დეკემბრის შუა რიცხვებამდე.

აშშ-ის ადმინისტრაცია სამართლიანად არის შეშფოთებული ამით და მიხარია, რომ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბოლოსდაბოლოს გარკვევით საუბრობს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ოსტინმა ასევე გარკვევით ისაუბრა, მათ შორის, რამდენიმე კვირის წინ შავი ზღვის რეგიონში ვიზიტით ყოფნისას.