ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს ჩვენებას მამუკა ხაზარაძე აძლევს

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენებას მამუკა ხაზარაძე აძლევს.

როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საქმე აბსურდულია და ის პოლიტიკურადაა მოტივირებული.

„მიმდინარეობს ეს აბსურდი და სპექტაკლი, რომლის მიზანი იყო ჩვენი დისკრედიტაცია, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე ჩვენი რეპუტაციის გაფუჭება. ასევე, მთავარი მიზანი იყო ანაკლიის პორტის გაფუჭება. სამწუხაროდ, მათ ანაკლიის პორტის ნაწილში მიაღწიეს მიზანს, რეპუტაციის გაფუჭების ნაწილში ვერ მიაღწიეს მიზანს, იმიტომ, რომ ბრალდება, რომელსაც ისინი გვიყენებენ, ბუნებაში არ არსებობს. დღეს, მე პირველად მომეცემა საშუალება, სამი წლის განმავლობაში ამ აბსურდის მოსმენის და ყურების მერე, მოვუყვე სასამართლოს რა მოხდა კონკრეტულად, რატომ არის ეს პოლიტიკურად მოტივირებული და გვედავებიან ისეთ რაღაცას, რაც ბუნებაში არ არსებობს”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.