მამუკა მდინარაძე ისტორიის სახელმძღვანელოზე: არ ვიცი, რა ეწყინათ. ის, რომ მეცენატად არის ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებული, თუ ქველმოქმედად, რომელი არ არის მართალი?

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში აგვისტოს ომთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერი არ იძლევა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და განათლების სამინისტროს აბრალებენ იმას, რაც სახელმძღვანელოში არ ჩაუწერია.

„შეგიძლიათ წაიკითხოთ სიტყვა-სიტყვით. რაც იქ წერია, ამის გადათარგმნა იმგვარად რუსულად, ოკუპანტის ენაზე, რომ თითქოს, განათლების სამინისტროს და სახელმძღვანელოს ავტორი ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს, ეს არის ცალსახა ტყუილი, რომელიც აწყობს რუსეთის ფედერაციას, ანუ ოკუპანტ ქვეყანას.

რაც შეეხება ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერს, სახელმძღვანელოში ყველა პრეზიდენტზეა საუბარი და მასში ჩანაწერები პოლიტიკოსების ცენზურას არ უნდა ექვემდებარებოდეს. მე არ ვიცი, რა ეწყინა ამ ხალხს. იქ ყველა პრეზიდენტზეა საუბარი, რაც ვნახე. პოლიტიკოსების ცენზურას არ უნდა ექვემდებარებოდეს ისტორიის სახელმძღვანელოში ჩანაწერები. როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები დღეს რომ ხელისუფლებაში იყვნენ, მათ ცენზურას დაექვემდებარებოდა, ოღონდ საკუთარი ინტერპრეტაციით. ცენზურას ასევე არ უნდა ექვემდებარებოდეს, განათლების სამინისტროს რომელიმე გადაწყვეტილება, მაგრამ უნდა გავაკრიტიკოთ, თუ იქ შეფასებები იქნება. როდესაც ფაქტებია, ამ ფაქტებს ამგვარი ინტერპრეტაციები არ უნდა მოვაყოლოთ.

არ ვიცი, რა ეწყინათ, ის რომ მეცენატად არის ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებული, თუ ქველმოქმედად. რომელი არ არის მართალი? მეცენატი არ იყო და არ არის, ქველმოქმედი არ იყო, თუ დემოკრატიულად არ მოხდა ხელისუფლების ცვლილება?“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში, „ისტორიული პროცესები გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივადაა აღწერილი და ის პროცესების შეფასების ნაწილს არ მოიცავს“.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ ჩიქობავამ განაცხადა, რომ „ცოტა რთულია იმის თქმა, რომ ეს ისტორიის გადაწერის მცდელობაა“.

„აჟიოტაჟის ატეხა არ მგონია, სწორი იყოს. შეფასება არც 2012 წლის მოვლენების და არც წინა პერიოდის მმართველობის არ ხდება. მხოლოდ ფაქტად არის მოყვანილი. ამ მოვლენების შესახებ ალბათ, უნდა იცოდნენ ჩვენმა მოსწავლეებმა. ცოტა რთულია იმის თქმა, რომ ეს ისტორიის გადაწერის მცდელობაა. ამაზე სპეციალისტები იმსჯელებენ. რეცენზენტები და შემფასებლები ამას შეაფასებენ. რაც შეეხება ფაქტობრივ უზუსტობებს, თუ ასეთი არსებობს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება, მოგვმართოს და სახელმძღვანელოს განმეორებით ბეჭდვაზე წასვლისას გასწორდება. ჯერჯერობით ამ ისტორიის სახელმძღვანელოზე უზუსტობა არავის დაუფიქსირებია“, - აღნიშნა მარიამ ჩიქობავამ.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ისტორიის გრიფირებული სახელმძღვანელოს ავტორები არიან: ნატო ახმეტელი, ბესიკ ლორთქიფანიძე, ნათია ფირცხალავა („დიოგენე“), ასევე მზია სურგულაძე, ვლადიმერ კეკელია, რუსუდან ლაბაძე, შორენა მურუსიძე, მანანა ქურთუბაძე „ლოგოსპრესი“.

ამავე თემაზე:

რა წერია მეცხრე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში, რის გამოც ოპოზიციონერი დეპუტატი პროტესტს იწყებს