CNN-ი: აშშ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს

აშშ-ის ოფიციალური პირები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფართო პაკეტს განიხილავენ, რომლის მიზანიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შეკავებაა. ამის შესახებ CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებები ჯერ არ არის მიღებული ახალი სანქციების გამოყენებაზე და ბაიდენის ადმინისტრაცია აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროპელ პარტნიორებთან, რომელთაგან ბევრს აქვს უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. მოლაპარაკებების მიზანი კი მოქმედების კოორდინაციაა.

რაც შეეხება კონკრეტულად სანქციებს, პუტინის ახლო გარემოცვის გარდა, ის შეიძლება, შეეხოს ენერგომწარმოებლებსა და რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან (საერთაშორისო გადახდის სისტემა) გათიშვას.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა, მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.

თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში.

ამავე თემაზე:

FT: აშშ-ის დაზვერვამ დაარწმუნა მოკავშირეები ევროკავშირსა და NATO-ში, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრას

ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ