არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რადგან არსებობს, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე.

„სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე უნდა იყოს ორივე არასრულწლოვანის მიმართ გამოყენებული პატიმრობა და ჩაინიშნა შემდეგი სასამართლო პროცესი და ამ ხნის განმავლობაში ორივე ბრალდებული იქნება პატიმრობაში”, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 6 იანვარს ჩაინიშნა.

15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ განაცხადა, რომ არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების ფაქტობრივი საფუძვლები და მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს ვერ ქმნის.

მისივე თქმით, საქმე არასრულადაა გამოძიებული და არსებობს რიგი დარღვევები.

„არის უფლება, რომელიც არასრულწლოვანისთვის მნიშვნელოვანი უფლებაა, ეს არის დაცვის უფლება, რომელიც დაირღვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ. შესაბამისად, არის რიგი დარღვევები და არის არასრულად გამოძიებული საქმე, რომელმაც შეიძლება ბრალდება უკვე შეიყვანა შეცდომაში და ბრალდებულის სკამზე ზის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც არ არის დამნაშავე იმ დანაშაულში, რომელზეც ბრალი წაუყენეს.

დაცვის მხარე წარადგენს მტკიცებულებებს სასამართლოში და დაამტკიცებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს განზრახ მკვლელობა არასრულწლოვნის მიმართ არ ჩაუდენია“, - განაცხადა გოგა ბოგვერაძემ მედიასთან.

ამავე თემაზე:

15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ

თბილისში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს