"ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბი გახსნეს, ოღონდ აკრძალულია ცეკვა, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს ეს", - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ სეგმენტთან, რათა ერთი მხრივ, სეგმენტს მიეცეს ფუნქციონირების საშუალება, მეორე მხრივ, მისი ფუნქციონირება მაქსიმალურად იყოს გადაზღვეული ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბი გახსნეს, ოღონდ აკრძალულია ცეკვა, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს ეს. რა თქმა უნდა, უნდა ელოდონ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და საკითხების ტექნიკური შეთანხმება. დარწმუნებული ვარ, ეს დიდხანს არ გასტანს. როგორც კი შეჯერდება პოზიციები ეპიდემიოლოგიური, ასევე ბიზნესის კუთხით, მაშინვე გამოქვეყნდება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა.
კლუბმა მწვანე პასპორტის ამოქმედების შემდეგ პირველი ღონისძიება გამართა. კლუბი ჯარიმას ასაჩივრებს და გახსნის ნებართვას ითხოვს.