მიხეილ სააკაშვილი: ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას წყვეტს და პროტესტს არ შეწყვეტს, ვიდრე არ შეასრულებენ სახელმწიფო ინსპქტორის გადაწყვეტილებებს, არ გააუქმებენ ე.წ. დისციპლინარულ ზომებს და არ განაახლებენ მასთან მნახველების ნორმალურ დაშვებას“.

სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ მისთვის მიღებულია გადაწყვეტილება შეხვედრების შეზღუდვასა და ტელევიზორის ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

„დღეს დილით გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა, რომელმაც დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის უფლებების უხეში დარღვევის გამო.

დაახლოებით 6 საათში ამ განცხადებიდან, ჩემს საკანში გაუფრთხილებლად შემოვიდა მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომელშიც ამოვიცანი ჩემი წამების მონაწილეები. მათ გამომიცხადეს, რომ იმის გამო, რომ მე ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, როცა მიპირებდნენ ჩემი ნების საწინააღმდეგო სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას, დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩემ წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების გატარება, რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვას და ტელევიზორის ჩამორთმევას.

ამის შემდეგ, დედაჩემს, რომელსაც ჰქონდა ყველანაირი ნებართვა შემოსვლისა და ჩემი მონახულებისა, დაახლოებით 4 საათი აცდევინებდნენ ქუჩაში და დააბრუნეს უკან თბილისში. ასევე, არ უშვებდნენ ჩემს პირად ექიმს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, სანამ არ ჩაერია ჰოსპიტლის ადმინისტრაცია.

ეს არის მათი პასუხი სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაზე. მათ კი არ აიღეს ჩემი ღირსების შემლახველი კადრები, არამედ შურისძიება განახორციელეს ჩემს წინააღმდეგ.

ამიტომ, მე ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას და არ შევწყვეტ ამ პროტესტს სანამ არ შეასრულებენ თოლორაიას უწყების გადაწყვეტილებებს, არ გააუქმებენ ე.წ. დისციპლინარულ ზომებს და არ განაახლებენ ჩემთან მნახველების ნორმალურ დაშვებას!”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ამავე თემაზე:

50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია