როგორ უპასუხა პუტინმა ბაიდენის გაფრთხილებას სანქციების შესახებ - კრემლის ვერსია

კრემლი რუსეთის პრეზიდენტისა და აშშ-ის ლიდერის ჯო ბაიდენის „ვრცელი საუბრის“ შესახებ იუწყება. კრემლი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში რაიმე გარღვევას არ ელის. მისი ცნობით, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უსაფრთხოების იურიდიული გარანტიები მოსთხოვა, რაც გამორიცხავს NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას და შეტევითი შეიარაღების სისტემების რუსეთის მიმდებარე ქვეყნებში განთავსებას.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგას სანქციების დაწესების შესახებ გაფრთხილების საპასუხოდ განუცხადა, რომ „NATO რუსეთის საზღვრებთან თავის სამხედრო პოტენციალს აძლიერებს და უკრაინის ტერიტორიის ასათვისებლად სახიფათო მცდელობებს ახორციელებს“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარტისტების მიერ კონტროლირებად უკრაინის რეგიონებთან მიმართებით, კიევის პროვოკაციულ ქმედებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

ამასთან, პუტინმა ბაიდენს დიპლომატიური მისიების ფუნქციონირებაზე შეზღუდვების მოხსნა შესთავაზა.

ამავე თემაზე:

თეთრი სახლი: უკრაინის გარშემო ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, ბაიდენმა პუტინი „ძლიერი ეკონომიკური“ სანქციების შესახებ გააფრთხილა