აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა შეერთებული შტატებისა და მისი ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის მიერ უკრაინის გარშემო ძალების ესკალაციის გამო.
„პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა დღეს ვიდეო ზარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რათა განეხილა აშშ-რუსეთის დღის წესრიგის მთელი რიგი საკითხები. პრეზიდენტმა ბაიდენმა შეერთებული შტატებისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის მიერ უკრაინის გარშემო ძალების ესკალაციის გამო და მკაფიოდ განაცხადა, რომ სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, აშშ და ჩვენი მოკავშირეები ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ.
პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და დეესკალაციისა და დიპლომატიისკენ დაბრუნების შესახებ მოუწოდა. ორმა პრეზიდენტმა თავიანთ გუნდებს დაავალეს, თვალყური ადევნონ (ვითარებას) და აშშ ამას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით გააკეთებს.
პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს აშშ-რუსეთის დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ; კიბერუსაფრთხოების საკითხი და ერთობლივი მუშაობა რეგიონულ საკითხებზე, როგორიცაა ირანი“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
მედიის ცნობით, მოლაპარაკებების შემდეგ, ჯო ბაიდენი ევროპელ ლიდერებს ისევ გაესაუბრება.
ასევე წაიკითხეთ:
აშშ-სა და რუსეთის ლიდერები მოლაპარაკებებს მართავენ
ბაიდენისა და პუტინის ვიდეოშეხვედრამდე, ენტონი ბლინკენმა ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა დაუდასტურა
CNN-ი: აშშ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს
პუტინი გარანტიებს ითხოვს, რომ NATO აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდება
ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ
ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.
ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში.