ირაკლი კოვზანაძე: ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტზე პასუხისმგებლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებმაც უნდა აიღონ

„ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, როგორიც ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაა და რაც პარლამენტში შემოდის, უნდა იყოს განხილული ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოს -საბჭოს მიერ და პასუხიმგებლობა აღნიშნულ დოკუმენტზე უნდა აიღოს როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ასევე საბჭოს წევრებმაც“, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2024 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა იყვნენ თუ არა ჩართული ამ დოკუმენტის შემუშავებაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები და იღებენ თუ არა ისინი სათანადო პასუხისმგებლობას.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, სამომავლოდ ეროვნულმა ბანკმა უნდა გაითვალისწინოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ეს მოთხოვნა.

დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2024 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილა და მიზანშეწონილად მიიჩნია დოკუმენტის საპარლამენტოს სესიაზე განხილვა.