აშშ-ს სურს, დაეხმაროს საქართველოს სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც თავად ქართველების გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის. ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონმა Foreign Policy-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ ღონისძიებაზე განაცხადა. ერიკა ოლსონის თქმით, აშშ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას განაგრძობს.
„ვწუხვართ, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს. მმართველმა პარტიამ დააფიქსირა ერთგულება მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემის რეფორმებისადმი, ჩვენ მართლაც ძალიან გვსურს, ვიხილოთ ნაბიჯები ამ პირობების შესრულების მიმართულებით“, - აღნიშნა ერიკა ოლსონმა და ამ კონტექსტში, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი.
ასევე წაიკითხეთ:
ამერიკის ელჩი: მნიშვნელოვანია ინკლუზიური და სრული სასამართლო რეფორმის განხორციელება
„ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვყავს ძალიან ძლიერი ელჩი თბილისში. მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ვმასპინძლობთ დემოკრატიის სამიტზე, და მოუთმენლად ველი იმ დაპირებებსა და სამოქმედო გეგმებს, რომლებსაც საქართველო წარადგენს მომავალ წელს. ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან მტკიცე ჩართულობას და როცა საჭიროა, გვექნება მკაცრი გზავნილები, რაც მეგობრობის მნიშვნელოვანი ნაწილია“, - აღნიშნა ერიკა ოლსონმა.
შეგახსენებთ, ერიკა ოლსონი რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოში გასულ თვეს იმყოფებოდა.
ამავე თემაზე