საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს.
პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება, რომ ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორთან, დერეკ მიტჩელთან შეხვედრა გამართეს. დელეგაცია ასევე შეხვდა კონგრესმენ ერიკ სვოლვეს და მოლაპარაკებები გაიმართა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორთან შეხვედრისას რეფორმების დღის წესრიგზე ისაუბრეს, საუბარი შეეხო დეცენტრალიზაციის რეფორმას. მხარეებმა ასევე, განიხილეს საარჩევნო რეფორმის საკითხები და ისაუბრეს დეზინფორმაციის წინააღმდეგ გასატარებელ ზომებზე.
NDI-ის დირექტორის, დევიდ მიტჩელის განცხადებით, საქართველო მათთვის პრიორიტეტული ქვეყანაა. მან გამოთქვა სურვილი, რომ მომავალშიც ჩაერთონ რეფორმებთან დაკავშირებულ საკითხებში და დაეხმარონ საქართველოს იმ მიმართულებით, რასაც ჩვენი ქვეყანა ჩათვლის საჭიროდ.
ერიკ სვოლველთან შეხვედრისას მხარეებმა, უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ასევე, საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.
კონგრესმენმა ქართულ მხარეს საკანონმდებლო დონეზე მხარდაჭერა აღუთქვა. ასევე, აღნიშნა რომ ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის რომ ხმა მიაწვდინოს აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებას, რათა საქართველომ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სგან მეტი დახმარება მიიღოს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა გაიმართა კონგრესმენებთან ალექს მუნთან, დევიდ მილერთან, რონალდ ჯინ იესტესთან, ენდი ჰარისთან, ჯონ როუზთან და ენდრიუ კლაიდთან. შეხვედრაზე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაზე და თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე ისაუბრეს.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.
ადამ კინზინგერის თქმით, აშშ-მ საქართველოს სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს