„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი ევროკავშირთან საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის დაახლოების მისწრაფებისადმი მხარდაჭერას დაადასტურებს, თუმცა ევროკავშირის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით დაპირება არ გაიცემა. ამის შესახებ Reuters-ი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაციის პროექტზე დაყრდნობით წერს.
დეკლარაციის პროექტის ამონარიდებს Reuters-ი გაეცნო და მასზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ევროკავშირი აღიარებს ევროპულ მისწრაფებებს და დაინტერესებული პარტნიორების ევროპულ არჩევანს.
„ეს არის იგივე ენა, რომელიც გამოიყენებოდა 2017 წელს „აღმოსავლეთის პარტნიორობის" ბოლო სამიტის განცხადებაში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მიისწრაფვიან, დააჩქარონ საბაზრო ეკონომიკის რეფორმები და შეუერთდნენ ბლოკს. საქართველო და უკრაინა ასევე აპირებენ ერთ მშვენიერ დღეს შეუერთდნენ აშშ-ის ხელმძღვანელობით NATO-ს სამხედრო ალიანსს, თუმცა რუსეთთან ტერიტორიული კონფლიქტები ამას ართულებს.
ბალკანეთის ექვს ქვეყანას - სერბეთს, კოსოვოს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ალბანეთს და ჩრდილოეთ მაკედონიას აქვთ ფორმალური ევროპული „პერსპექტივა“ - საბოლოო წევრობისთვის, თუმცა პროცესი ძირითადად შეჩერებულია.
სამიტზე, სავარაუდოდ იტყვიან, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები „უზრუნველყოფს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებას“.
სამიტის განცხადება ასევე გაუხსნის შესაძლებლობას უკეთესი კავშირების დამყარებას ბელარუსთან, „როგორც კი იქნება აუცილებელი პირობები მშვიდობიანი დემოკრატიული ტრანზიციისთვის".
დასავლეთი და ბელარუსის ოპოზიცია პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს 2020 წლის აგვისტოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ, მას ასევე სდებენ ბრალს პოლონეთის საზღვარზე მიგრანტთა ხელოვნური კრიზისის შექმნასა და „ჰიბრიდული თავდასხმით“ დესტაბილიზაციის მცდელობაში.