საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა კონგრესმენებთან ოსტინ სკოტთან, ჯო ვილსონთან, სტივ ვომაკთან და რუბენ გალეხოსთან.

პარლამენტის ცნობით, კონგრესმენებთან შეხვედრებისას საუბრის ძირითადი თემა უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხები, ასევე, რუსეთის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები იყო. კონგრესმენები დაინტერესდნენ, როგორ ხედავს ქართული მხარე მოვლენების შესაძლო განვითარებას და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ეს ტრაგიკული შედეგები თავიდან იყოს აცილებული.

საუბარი ასევე, შეეხო საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის დაჩქარების საკითხს და როგორც მათ აღნიშნეს, მხარს დაუჭერენ NATO-ში საქართველოს გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.

რა საკითხებს განიხილავს აშშ-ში ვიზიტისას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია