კელი დეგნანი: ვიცი, რომ მერმა კალაძემ განმარტა მისი სიტყვები. იმედი მაქვს, მომდევნო ჩამოსვლაზე ერიკა ოლსონი მასთან შეხვედრას შეძლებს

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ შემდეგი ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშეწმის მოადგილე თბილისის მერთან შეხვედრას შეძლებს. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც კახა კალაძის მიერ ერიკა ოლსონთან დაკავშირებულ რეპლიკაზე ჰკითხეს.

კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკის საელჩოს თბილისის მერიასთან კარგი თანამშრომლობა აქვს.

„ვიცი, რომ მერმა კალაძემ განმარტა მისი სიტყვები, თუმცა დავამატებ, რომ როდესაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე იმყოფებოდა საქართველოში, მას ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პოლიტიკურ პარტიებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას. სამწუხაროდ, ვერ შეხვდა ქალაქის მერს, თუმცა იმედი მაქვს, მომდევნო ჩამოსვლაზე შეძლებენ შეხვედრას და განიხილავენ სხვადასხვა, მნიშვნელოვან საკითხს. საელჩოს კარგი თანამშრომლობა აქვს თბილისის მერიასთან, საინტერესო პროექტები გვაქვს. იმედია, მომავალში შეხვედრის შანსი გვექნება", - განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი წუხილს გამოთქვამს, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს.

„რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და მისი მოადგილე?“, - თბილისის მერმა მისი ეს რეპლიკა მედიასთან ასე განმარტა: ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო თანამდებობის დაკონკრეტების ნაწილში. მე არ ვიცოდი, ეს თანამდებობა, თორემ შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია“.