რუსეთის საგარეო უწყება 3+3 პლატფორმაზე: პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველოსთვის კარი ღია რჩება

რუსეთი, თურქეთი, ირანი, სომხეთი და აზერბაიჯანი დაინტერესებულნი არიან, რომ საქართველო ჩაერთოს 3+3 პლატფორმის მუშაობაში. ხუთი ქვეყნის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოსთვის კარი ღია რჩება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც მინისტრის მოადგილეების დონეზე გამართულ შეხვედრას ეხება, ნათქვამია, რომ 10 დეკემბერს მოსკოვში, საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის 3+3 პირველი შეხვედრა გაიმართა.

განცხადების თანახმად, საქართველოს წარმომადგენლებმა, რომლებიც, ასევე, მიწვეულები იყვნენ, შეხვედრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.

სხდომის განმავლობაში განიხილეს მრავალმხრივი რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები. შეთანხმდნენ, რომ პლატფორმის მუშაობა ფოკუსირებული უნდა იყოს პრაქტიკულ საკითხებზე, რომლებიც ყველა მონაწილე მხარის ინტერესში შედის. მათ შორის - ზომების მიღება ნდობის ასამაღლებლად, ურთიერთქმედება სავაჭრო-ეკონომიკური, ტრანსპორტის და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით და საერთო გამოწვევებსა და საფრთხეებზე წინააღმდეგობის გაწევა.

პარალელურად, რუსეთში ირანის საელჩოც გამოეხმაურა ამ ფორმატში გამართულ შეხვედრას და განაცხადა, რომ ირანი მხარს უჭერს ფორმატს, რადგან ის შეესაბამება ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკურ კურსს.

ასევე წაიკითხეთ: თურქეთში ირანის ელჩი: 3+3 ფორმატი ირანის საგარეო პოლიტიკურ კურსთან თანხვედრაშია

თურქეთი აცხადებს, რომ მოსკოვი „3+3 ფორმატის საინაუგურაციო შეხვედრას“ 10 დეკემბერს უმასპინძლებს

საელჩოს განცხადებით, რეგიონის სახელმწიფოების საკითხები, გამოწვევები და უთანხმოება ამ ქვეყნების ძალისხმევით უნდა გადაწყდეს.

რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, 9 დეკემბრის კომენტარში საგარეო უწყება განმარტავს, რომ 10 დეკემბერს დაგეგმილ ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ე.წ. 3+3 რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე ბოლო საპარლამენტო მოსმენაზე. ჩვენ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას და შესაბამისად, მ.წ. 10 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადეს უწყებაში.

ცნობისთვის, 10 დეკემბერს, აშშ-ში გამართული შეხვედრის დროს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან მოლაპარაკებების დროს, 3+3 ფორმატის ფარგლებში გასამართ პირველ შეხვედრაზეც ისაბრეს. ქართული მხარის ცნობით, საქართველოს პარლამენტის წევრებმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს მკაფიოდ განუმარტეს საქართველოს პოზიცია, რატომ არის საქართველო წინააღმდეგი და რატომ არ მონაწილეობს ამ ფორმატში.

ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანი 3+3 ფორმატზე: ეს შეუძლებელია

შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული.

18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატთან დაკშვირებით დაუსვეს შეკითხვა.

თავდაცვის სამინისტროში, ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი.

„რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.