დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თითქმის ერთთვიანი დაკვირვების შედეგად, წინასწარი მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამს ბევრად მსუბუქად მიმდინარეობა აქვს „დელტასთან“ შედარებით. ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში, არ არის გაზრდილი სიკვდილიანობის მაჩვენებელი და მძიმე შემთხვევები.
„სტაბილიზაციაზე ვისაუბრებთ, როცა ჩამოვცილდებით 1 000-ს, გვექნება რამდენიმე ასეული შემთხვევა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჩამოვა 20-ის ქვემოთ. ახალ შტამთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი, მაგრამ საზღვრები ვირუსს ვერ დაიჭერს.
ერთია დამამშვიდებელი, რაც გუშინ განცხადება იყო სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრის, უკვე ამ დაკვირვების განმავლობაში თითქმის ერთი თვის განმავლობაში სამხრეთ აფრიკაში, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება ახალი შემთხვევების რაოდენობა, არ არის გაზრდილი სიკვდილიანობა და მძიმე შემთხვევები. ე.ი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოდნავ მსუბუქად მიმდინარეობს „დელტასთან“ შედარებით ეს შტამი, ჯერჯერობით წინასწარი მონაცემები ასეთია“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ამირან გამყრელიძე „რუსთავის2-ს“ განუცხადა, რომ 60 წელს გადაცილებულების მიმართვიანობა ვაქცინაციაზე შეჩერდა. მისივე ინფორმაციით, ამ ასაკობრივ ჯგუფში ჯერ კიდევ აუცრელია 50%-ზე ოდნავ მეტი ადამიანია.
„ბოლო ერთი კვირაა, სამწუხაროდ გაჩერდა 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის მიმართვიანობა აცრებზე, ერთიანად აცრილია მხოლოდ 86 ათასი ადამიანი პირველი დოზით. ასევე, „ბუსტერ“ დოზით აცრები და ასევე მეორე დოზით ვაქცინაცია იზრდება. ამიტომ, სულ მეტი და მეტი მოწოდება გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას პირველადი დოზით“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ამავე თემაზე
ივანე ჩხაიძე: შესაძლოა, „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულის მომასწავებელი იყოს
რით განსხვავდება „ომიკრონი“ კორონავირუსის სხვა შტამებისგან