ეკონომიკის მინისტრი: თუ რომელიმე სახელმწიფო ჩვენს რეგიონში დღეს მზად არის, ხელი მოაწეროს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ეს რა თქმა უნდა არის საქართველო

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ამერიკელი კონგრესმენების წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად დიდია აშშ-ს მთავრობის და კონგრესის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ნათია თურნავა ამერიკელი კონგრესმენების მიმართვას აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლისადმი, განმტკიცდეს სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები საქართველოსთან, ძალიან დროულს უწოდებს.

„მისასალმებელია, რომ ეს მიმართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ დიდია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის და კონგრესის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ჩვენი მოსახლეობის მიმართ და რა თქმა უნდა, ჩვენი სახელისუფლებო გუნდის მიმართ, იმიტომ, რომ ის პათოსი, რომელიც იკითხება კონგრესმენების წერილში, ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი მუშაობის შედეგიც, იმიტომ, რომ თუ რომელიმე სახელმწიფო ჩვენს რეგიონში დღეს არის სრულად მზად, რომ დაიწყოს მოლაპარაკება და ხელი მოაწეროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ეს რა თქმა უნდა არის საქართველო.

ჩვენ საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ ამისთვის, მთლიანმა ხელისუფლებამ. მათ შორის ეკონომიკის სამინისტრომაც ბოლო წლების განმავლობაში იმუშავა ძალიან აქტიურად აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობასთან, რათა ყველა წინაპირობა დამდგარიყო იმისთვის, რომ გადავიდეთ უშუალოდ მოლაპარაკებაზე“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

ცნობისთვის, ამერიკელი კონგრესმენები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით მიმართავენ.