დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კოვიდვაქცინის მესამე დოზა აუცილებელი იქნება და შემდგომ დაკვირვებისას არ არის გამორიცხული მეოთხე დოზის გამოყენებაც.
NCDC-ის დირექტორის თქმით, პირველი მტკიცებულებები Pfizerm-მა დადო, რომ სამჯერ აცრილებში გამომუშავებულ ანტისხეულებს აქვთ კორონავირუსის გაცილებით მეტი განეიტრალების თვისება და განსაკუთრებით „ომიკრონის“ შტამის მიმართ, რაც ადასტურებს, რომ Pfizer-ს აქვს დამცველობითი უნარი.
„ამიტომაც, მეტია მოწოდებები, რომ ფართოდ გამოვიყენოთ ბუსტერი. ბევრმა ქვეყანამ ბუსტერი სავალდებულო გახადა. ასევე, შეამცირა პერიოდი მეორე დოზასა და ბუსტერს შორის, რაც ასევე გავაკეთეთ ჩვენც.
არასრული ერთი თვის განმავლობაში 32 000-მდე ადამიანი აიცრა ბუსტერით. 85%-ში გამოიყენება Pfizer-ი. დანარჩენია Sinopharm-ი და Sinovac-ი. უნდა გავითავისოთ, რომ მესამე დოზა აუცილებელი იქნება და შემდგომ დაკვირვებისას არ არის გამორიცხული მეოთხე დოზის გამოყენებაც. ისრაელმა უკვე დაიწყო ამაზე ფიქრი და გამოყენებაც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ სატელევიზიო მედიასთან.