რომის პაპი მიიჩნევს, რომ უკრაინის გარშემო დაძაბულობა სერიოზული საერთაშორისო დიალოგით უნდა განიმუხტოს და არა იარაღით.
„დაე, უფლის შობამ მშვიდობა მოუტანოს უკრაინას“, - მიმართა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს შუადღის კურთხევისა და მიმართვისას.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.
ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს.
11 დეკემბერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა გადასცა გზავნილი, რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაცია არ მოხდება.